ქუთაისის „ტორპედომ“ ახალი მოთამაშეები დაიმატა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ ახალი მოთამაშეები დაიმატა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია გუნდის ახალწვეულების შესახებ. სამი მათგანი გუნდის ყოფილი მოთამაშე იყო. 29 წლის მარცხენა მცველი ლაშა შერგელაშვილი გასულ სეზონში „თელავში“ თამაშობდა, სადაც 35 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. ის ქუთაისელთა ფორმით 2011-2013 სეზონებში გამოდიოდა.

გუნდში დაბრუნდა 29 წლის მარცხენა მცველი გიორგი ქიმაძეც, რომელიც 2019 წლის სეზონიდან „დინამო თბილისში“ გადავიდა, მაგრამ ტრავმის გამო გასული სეზონი გაუცდა. „ტორპედოში“ 2015–2019 წლებში გამოდიოდა და გუნდთან ერთად საქართველოს სამივე ტიტული მოიპოვა.

ქუთაისელებისთვის კარგად ნაცნობია გიორგი კუხიანიძეც, ვინც „ტორპედოში“ კახა ჩხეტიანის პერიოდში თამაშობდა და გუნდის ბოლო წლების ყველა წარმატების უშუალო მონაწილე იყო. 29 წლის ნახევარმცველი ბოლოს უზბეკურ „ქიზილქუმში“ გამოდიოდა.

„ტორპედოს“ ახალწვეულია 25 წლის ფლანგის შემტევი აკაკი შულაიაც – მარტვილის „მერანის“ და „დინამო თბილისის“ ყოფილი მოთამაშე, რომელიც გასულ სეზონში „საბურთალოს“ ღირსებას იცავდა (32 შეხვედრა, 4 გოლი, 6 საგოლე გადაცემა).

„ტორპედოს“ საყრდენი ნახევარმცველი გია მანჯგალაძეც დაემატა, რომელიც გასულ სეზონში ბათუმის „დინამოში“ თამაშობდა – 29 წლის ნახევარმცველმა ეროვნულ ლიგაში 29 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და ქუთაისში ჩემპიონის სტატუსით გადავიდა.

გია ცეცაძის ხელმძღვანელობით ითამაშებს ირაკლი ბუღრიძეც – გორის „დილას“ ყოფილი თავდამსხმელიც გუნდს უკვე შეუერთდა. 24 წლის ბუღრიძემ გასულ სეზონში „დილაში“ 28 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.