ქუთაისის „ტორპედო“ სოციალურად დაუცველებსა და ვეტერან ფეხბურთელებს დაეხმარა
ქუთაისის „ტორპედო“ სოციალურად დაუცველებსა და ვეტერან ფეხბურთელებს დაეხმარა

ქუთაისის „ტორპედო“ საფეხბურთო სამყაროს მიერ პანდემიის პერიოდში წამოწყებულ საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო და ქალაქის მცხოვრებ სოციალურად დაუცველებსა და ვეტერან ფეხბურთელებს დაეხმარა. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური გვერდი იუწყება.

„ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა ქუთაისში რამდენიმე ათეულ ადამიანს საკვები პროდუქტი დაურიგეს. კლუბის ინიციატივით, საკვები პროდუქტი ვეტერან ტორპედოელებსაც გადაეცა. ამასთანავე, გარკვეული რაოდენობის პროდუქტი კლუბმა ქალაქის მერიას გადასცა, რომელიც ამ ყველაფერს სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს დაურიგებს“, – წერია კლუბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი მოქალაქეების დახმარებაში მონაწილეობა მიიღეს ფეხბურთის ფედერაციამ, ბათუმის „დინამომ“, ქობულეთის „შუქურამ“, ბოლნისის „სიონმა“ და „თელავმა“, ხოლო თელავის მუნიციპალიტეტის მერიას, ქალაქის მცხოვრებ შეჭირვებული ოჯახებისთვის საქართველოს ნაკრების ყოფილმა მცველმა და საფეხბურთო კლუბ „თელავის“ დამფუძნებელმა ალექსანდრე ამისულაშვილმა 150 სასურსათო პაკეტი გადასცა.