„ქუთაისის“ ტორპედო, შესაძლოა, ისევ ჩხეტიანმა ჩაიბაროს #1TVSPORT
„ქუთაისის“ ტორპედო, შესაძლოა, ისევ ჩხეტიანმა ჩაიბაროს #1TVSPORT

გია ცეცაძე, შესაძლოა, ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე კახა ჩხეტიანმა შეცვალოს. კლუბი ჯერ სამწვრთნელო ცვლილებაზე არაფერს წერს, მაგრამ ინფორმაცია ქუთაისელი გულშემატკივრების ყველაზე დიდმა დაჯგუფებამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ის რაც ყველას ძალიან გვინდოდა! კახა ჩხეტიანი „ტორპედოში“ დაბრუნდა! კეთილი იყოს შენი სახლში დაბრუნება, დროა გავაკეთოთ ერთად ის საქმე, რაც დაგვრჩა გასაკეთებელი! ერთად ბევრი შევძელით და კიდევ ბევრს შევძლებთ! დაბრუნდა დიდი სარდალი! ახლა ისე სჭირდება ჩვენი გვერდში დგომა როგორც არასდროს“, – წერს ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივართა ჯგუფი „ჯუნგლები 1960“.

ჩხეტიანმა საქართველოს პირველ არხთან ორიოდე დღის წინ არ დამალა – იცოდა, რომ „ტორპედოს“ ადმინისტრაციამ მთავარი მწვრთნელობის რამდენიმე კანდიდატს შორის მისი გვარიც დაასახელა და მის დაბრუნებაზე ლაპარაკი იყო. მაგრამ ვერ დაადასტურა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია.

44 წლის სპეციალისტი ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელი იყო. უთამაშია უნგრეთში და უკრაინაში, 1 მატჩი საქართველოს ნაკრებშიც ჩაატარა. სამწვრთნელო კარიერა 2011–2013 წლებშიც მშობლიურ კლუბში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაიწყო.

სამწვრთნელო კარიერაში დიდ წარმატებასაც „ტორპედოში“ მიაღწია, სადაც 2016 წლის სექტემბერში მთავარ მწვრთნელად დაინიშნა – გუნდმა მისი მწვრთნელობის პერიოდში ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია – გახდა საქართველოს ჩემპიონი (2017), ორჯერ დაეუფლა საქართველოს თასს (2016, 2018) და ორჯერ – სუპერთასს (2018, 2019).

წარმატებულ თანამშრომლობას 2019 წლის ბოლოს წერტილი კლუბში შექმნილმა ფინანსურმა კრიზისმა დაუსვა – სეზონის ბოლოს ჩხეტიანმა გუნდი დატოვა და დეკემბერში „დინამო თბილისის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მაგრამ 2020 წლის აგვისტოში, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპში წაგების შემდეგ გადადგა.

ჩხეტიანი მეორედ ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2021 წლის ივნისში დაინიშნა, თუმცა 1 ნოემბერს გუნდის დირექციამ გაათავისუფლა. მიზეზი შედეგები და არსებული სატურნირო ვითარება იყო.

ამის მიუხედავად, ქუთაისელი გულშემატკივრები ჩხეტიანის დაბრუნებას ითხოვდნენ და მიაჩნდათ, რომ „ტორპედოს“, რომელიც 12 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგაში მე-8 ადგილზეა, მხოლოდ ქუთაისური გუნდის ისტორიაში ყველაზე წარმატებული სპეციალისტი უშველის.