ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულია #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულია #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს სუპერთასის მფლობელია – გუნდი ტურნირის ფინალში „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ქუთაისელები სწრაფად დაწინაურდნენ – მე-3 წუთზე ეფექტური დარტყმით „ტორპედო“ ბრაზილიელმა ლეგიონერმა, ელიტონ ჟუნიორმა წინ გაიყვანა და შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ტაიმში უკეთესად ისევ „ტორპედო“ გამოიყურებოდა და სხვაობა ორამდე გაზარდა: 61-ე წუთზე ეფექტური თავური დარტყმით „დინამოს“ კარი ნიკოლა ნინკოვიჩმა აიღო.

ყველას ეგონა, რომ თამაშის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ „დინამომ“ ბოლო ძალებით შეუტია და ეს მატჩის ყველაზე საინტერესო მონაკვეთი გამოდგა. 85-ე წუთზე თბილისელთა 18 წლის თავდამსხმელმა, ნიკო ცეცხლაძემ ანგარიში შეამცირა.

„დინამოს“ ანგარიშის გათანაბრების შანსიც ჰქონდა, მაგრამ ქუთაისის „ტორპედომ“ უპირატესობა შეინარჩუნა და საქართველოს სუპერთასს მესამედ დაეუფლა. პირველი ორი წარმატება გუნდმა 2018 და 2019 წლებში მოიპოვა.

სუპერთასის ნახევარფინალში დამარცხებულები, ბათუმის „დინამო“ და „იბერია“ ერთმანეთს მესამე ადგილისთვის შეხვდნენ და მატჩი ბათუმელებმა 3:2 მოიგეს.