ქუთაისის „ტორპედო“ „ქართულ კლასიკოზე“ - ამ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ (ვიდეო)
ქუთაისის „ტორპედომ“ „დინამო თბილისთან“ „ქართული კლასიკო“ წააგო. „დინამო-არენაზე“ გამართული მე-14 ტურის გამოტოვებული შეხვედრა ქუთაისელთა მარცხით დასრულდა 1:2.
როგორც გაირკვა, ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვედრის არბიტრთან პრეტენზია აქვს – გუნდის განცხადებიდან ირკვევა, რომ ქუთაისელები მათ კარში დანიშნულ მეორე პენალტს, რომელმაც შეხვედრის ბედი გადაწყვიტა, უსამართლოდ თვლიან.
„ყურადღება გაამახვილეთ მატჩის 82-ე წუთზე დადებულ პენალტამდე მომხდარ მომენტზე. ფაქტი, რომელმაც გადამწყვეტი გავლენა მოახდინა თამაშზე. პირველ მომენტში აშკარად ჩანს ,,დინამო თბილისის“ თავდამსხმელი, როგორ არღვევს თამაშის წესს ჩვენი გუნდის ცენტრალური მცველის წინააღმდეგ. ყოვლად დაუშვებელია არბიტრის მიერ მსგავსი დამოკიდებულება, როდესაც აშკარა დარღვევას არ აფიქსირებს. კლუბი აღნიშნულ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს! ჩვენ მივმართავთ ყველა ზომას, რათა გასაჩივრდეს მატჩი და განიხილოს თავიდან, როგორც აღნიშნული მომენტი, ასევე მთელი თამაშის განმავლობაში დაშვებული მსაჯის ყველა შეცდომა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ,,ტორპედოს“ წინააღმდეგ იყო მიმართული. ქუთაისის „ტორპედო“ მსგავს დამოკიდებულებას არ იმსახურებს! აქვე გვინდა ჯანმრთელობა ვუსურვოთ „დინამო თბილისის“ თავდამსხმელ დავით სხირტლაძეს“, – წერია ქუთაისის „ტორპედოს“ განცხადებაში.