ქუთაისის „ტორპედო“ „ომონიასთან“ შეხვედრისთვის კვიპროსზე გაემგზავრა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედო“ კვიპროსზე გაემგზავრა, სადაც უეფა-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს „ომონიასთან“ გამართავს. მოახლოებული შეხვედრის შესახებ ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს.
ცოტნე ნადარაია: „პირველი ეტაპის გადალახვით გახარებულები ვართ. მეორე ეტაპზე ჩვენი მეტოქე „ომონია“ კარგი გუნდია, მაგრამ „ტორპედო“ მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გადის. გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ფეხბურთელები მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ გულშემატკივარი გავახაროთ“.
ნიკა სანდოხაძე: „ვიცით, რომ მეტოქე ძლიერი გუნდია და ყველანი მაქსიმალური კონცენტრაციით ვემზადებით. ძალიან დაძაბული და საინტერესო თამაში გველოდება და ვფიქრობ, ამისთვის მზად ვართ“.
გია მანჯგალაძე: „ალბანურ გუნდთან მოგებული თამაშის მერე გუნდში ამაღლებული განწყობაა. რთული თამაში იქნება იქიდან გამომდინარე, რომ „ომონია“ საკმაოდ ძლიერი გუნდია კარგი ლეგიონერებით. ჩვენ მათ საკუთარი თამაში უნდა დავუპირისპიროთ და დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება“.
„ტორპედო“ კვიპროსის ,,ომონიასთან“ უეფა-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს 25 ივლისს გამართავს. GSP სტადიონიდან მატჩის ტრანსლირება ქუთაისში, 100-საფეხურიან კიბესთან საგანგებოდ დამონტაჟებულ მონიტორზე 20:30 საათზე მოეწყობა.