ქუთაისის „ტორპედო“- ისევ მივაღწევთ იმ სიმაღლეებს, რასაც ჩვენი გუნდი იმსახურებს
ეროვნული ლიგის პლეი ოფში ქუთაისის „ტორპედომ“ „გაგრა“ ორი მატჩის ჯამში დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. გუნდის ადმინისტრაციამ სეზონი შეაჯამა და გუნდის წევრებსა და გულშემატკივრებს ამ რთული პერიოდში გაძლებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ეროვნული ლიგის 2020 წლის გათამაშება დასრულდა. სეზონი კლუბისთვის და გულშემატკივრებისთვის ძალზედ რთული და ხანგრძლივი აღმოჩნდა. მიუხედავად ბევრი სირთულისა, ფინანსური კრიზისისა თუ კორონავირუსის შემოტევისა, გუნდმა შეძლო და უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ქუთაისის ,,ტორპედო“ მადლობას უხდის თითოეულ ფეხბურთელს და სამწვრთნელო შტაბს. განსაკუთრებული მადლობა გვინდა ვუთხრათ ვლადიმერ ხაჩიძეს და მიხეილ აშვეთიას, გაწეული სამუშაოსთვის“, – წერია „ტორპედოს“ განცხადებაში.
გუნდის ხელმძღვანელობამ „ტორპედოს“ გულშემატკივრებსაც მიმართა: „გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ჩვენი გუნდის გულშემატკივარს. ყველამ იცის, მათი როლი გუნდის ცხოვრებაში და არსებობაში, როგორი მნიშვნელოვანია. ჩვენი ერთად დგომით და მუშაობით შევძლებთ და ისევ მივაღწევთ იმ სიმაღლეებს, რასაც „ტორპედო“ იმსახურებს“.
ეროვნული ლიგის სეზონში ქუთაისის „ტორპედომ“ მე-8 ადგილი დაიკავა, პლეი ოფში „გაგრასთან“ პირველი მატჩი სტუმრად 2:0 მოიგო, შინ 1:1 დაასრულა და ლიგაში ადგილის შეინარჩუნა. თუმცა, „ტორპედომ“ ეროვნულ ლიგაში სათამაშოდ ფეხბურთის ფედერაციის მიერ წაყენებული ლიცენზირების პირობები უნდა დააკმაყოფილოს.