ქუთაისის მერიამ „ტორპედოს“ დაბრუნება დაიწყო - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კლუბმა „ეროვნულ ლიგაში“ ითამაშოს
„ქუთაისის მერიამ კლუბ „ტორპედოს“ დაბრუნების პროცესი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით მერიამ უკვე ოფიციალურად მიმართა შპს „საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისის“ ადმინისტრაციას. კლუბის მერიის ბალანსზე დაბრუნების საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ მიმდინარე წლის ოთხ სექტემბერს გახდება ცნობილი“, – ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ „ტორპედოს“ დაბრუნების პროცესის გამო ქუთაისის მერიაში საგანგებო შეხვედრა გაიმართა – „საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ქუთაისის მერიის, საკრებულოს და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე კლუბის გადაცემის პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები იქნა განხილული“.
მერიის ოფიციალური გვერდის ცნობით, გუნდის გადასარჩენად ყველაფერი გაკეთდება: „ქუთაისის მერი ასევე შეხვდა კლუბის პრეზიდენტ ზაალ ჩაჩავას. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, თვითმმართველობა ყველაფერს გააკეთებს, რათა „ტორპედომ“ უმაღლეს ლიგაში („კრისტალბეთ ეროვნული ლიგა“) ითამაშოს“.