ქუთაისის ახალ საფეხბურთო კომპლექსში იმერეთის აკადემიის გუნდები ივარჯიშებენ #1TVSPORT
ქუთაისის ახალ საფეხბურთო კომპლექსში იმერეთის აკადემიის გუნდები ივარჯიშებენ #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ქუთაისის ახალი ტექნიკური ცენტრით იმერეთის საფეხბურთო აკადემიის გუნდები ისარგებლებენ – ეს ცნობილი გახდა ახალი სპორტული კომპლექსის გახსნის შემდეგ.

ახალ ტექნიკურ ცენტრში მოეწყო ორი ხელოვნური და ორი ბუნებრივსაფრიანი მოედანი. ოთხივე მოედანი აღიჭურვა განათების სისტემით, ორ მოედანზე კი მოეწყო ტრიბუნა. ამ ინფრასტრუქტურით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმერეთის აკადემიის 14 და15-წლამდელთა გუნდები ისარგებლებენ. აკადემიის აღსაზრდელების გარდა, კომპლექსს უფასოდ გამოიყენებენ საფეხბურთო სკოლები, მოყვარულთა და ქალთა გუნდები.

აკადემიის ტერიტორიაზე აშენდა საცხოვრებელი კორპუსი, სადაც სხვა ქალაქებიდან ჩამოსული აკადემიის მოთამაშეები იცხოვრებენ, ხოლო ქალთა და ვაჟთა ასაკობრივი ნაკრები გუნდები შეკრებებისთვის, საერთაშორისო და ოფიციალური მატჩებისთვის გამოიყენებენ. შენობაში მოეწყო გასახდელები, სასადილო, საკონფერენციო, სავარჯიშო და სხვადასხვა ადმინისტრაციული ოთახი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აკადემიის მშენებლობისთვის მიწა ეკონომიკის სამინისტროს ქონების ეროვნული სააგენტოსგან საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით გადაეცა. აღნიშნული პროექტი ფეხბურთის ფედერაციის, ფიფა-ს პროგრამა FORWARD-ისა და უეფა-ს Hat Trick-ის დაფინანსებით განხორციელდა.

ქუთაისის ტექნიკური ცენტრის გარდა, ფეხბურთის ფედერაციამ მსგავსი პროექტები განახორციელა ლაგოდეხში, რუსთავში, გვიმბალაურში, რუხში, რაჭაში, ფოთში, ბათუმში (2) და ქობულეთში, ასევე თბილისში – გლდანში, ვარკეთილში, ნუცუბიძის პლატოსა და სპორტის უნივერსიტეტში.