ეროვნული ლიგის მეორე ტურში „სამტრედიამ“ ქუთაისის „ტორპედო“ 1:0 დაამარცხა და სეზონში პირველი სამი ქულა მოიპოვა.
იმერული დერბი სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა, შეხვეედრის ბედი კი მე-13 წუთზე გადაწყდა, როდესაც სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც სამტრედიელთა აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა ნიჯატ ყურბანოვმა გამოიყენა – 1:0.
ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივართა დაჯგუფება „ჩვენ ვართ ტორპედო“ მიიჩნევს, რომ ამ შეხვედრაში მთავარმა არბიტრმა ორი შეცდომა დაუშვა, რომლებმაც შედეგზე გავლენა მოახდინა. ამის შესახებ ქუთაისელმა ქომაგებმა ფეისბუქში საკუთარ გვერდზე დაწერეს და ვიდეოც გაავრცელეს.
„ეპიზოდი 1: სადაო პენალტი „ტორპედოს“ კარში. ბაქარ მირცხულავას მხრიდან დარღვევა რომც ყოფილიყო, (წაქცეულ შემტევთან) კონტაქტი საჯარიმოს გარეთაა. ეპიზოდი 2: ქუთაისელთა შემტევ გიორგი ჯანელიძეს ფეხში ხვდება და პენალტია (დასანიშნი). ვადაჭკორია იქვე დგას, მომენტს კარგად ხედავს, მაგრამ პენალტს არ ნიშნავს… როდემდე?!” – ვკითხულობთ ქუთაისელ გულშემატკივართა გვერდზე.