ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივართა ჯგუფმა „ჩვენ ვართ ტორპედო“ გაასაჯაროვა, რომ კლუბს ფიფამ სატრანსფერო აქტივობები აუკრძალა, რისი მიზეზით მოთამაშეების მიმართა არსებული დავალიანებებია.
ამის გამო, ქუთაისის „ტორპედომ“ ახალწვეულები, ოლეგ მამასახლისი და ბექა ტუღუშის განაცხადში ვერ შეიყვანა.
„გუნდში რამდენიმე ახალი ფეხბურთელია, მაგრამ დღემდე არ უთამაშიათ. კლუბი მათ განაცხადში შეყვანას ვერ ახერხებს. მიზეზი კი სატრანსფერო ბანია – რამდენიმე დღის წინ ყოფილი ფეხბურთელების დავალიანების გამო ფიფამ „ტორპედოს“ სატრანსფერო ბანი დაადო: გუნდი ვერც ლეგიონერებს დაიმატებს, ვერც ქართველებს, სანამ ეს ფული გადახდილი არ იქნება. ფულის გადახდისთანავე, გუნდს ბანი მოეხსნება და ფეხბურთელთა დამატებაც შესაძლებელი გახდება,“ – წერია ქუთაისელ გულშემატკივართა მიმართვაში.
გულშემატკივრები ამტკიცებენ, რომ გუნდი ფაბიო მანინოსთვის დღემდე არ გადაუციათ, რის გამოც იტალიელი ინვესტორი იმედგაცრუებულია.
„იტალიელი ინვესტორი ფაბიო მანინო თებერვლიდან გუნდის სახელფასო დავალიანებას ისტუმრებს, ასევე გუნდს სხვა საჭირო პირობებს უქმნის, ეს ყველაფერი კი მაშინ ხდება, როცა კლუბი ჯერ კიდევ იურიდიულად მისი არაა. ფაბიო მანინოსთან თითქმის ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს და გვითხრა, რომ სახელმწიფოს მიმართ უკვე უნდობლობა აქვს, რამაც შეიძლება, „ტორპედოდან“ წასვლა გადააწყვეტინოს. ლოგიკურიცაა: როცა უცხოელი ინვესტორი შემოდის ქვეყანაში, დებს ფულს, მთავრობა დაპირებებს გასცემს, მაგრამ ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ ასრულებს და არაფრად აგდებს, პროტესტი ექნება. დღეს ფაბიო მანინო ერთადერთი ინვესტორია, ვინც „ტორპედოში“ ფულს დებს, მაგრამ ვინაიდან კლუბი ოფიციალურად მისი არ არის, რამის მოთხოვნაც რთულია,“ – ვკითხულობთ წერილში.
გულშემატკივრები მთავრობას მიმართავენ: „რომ არ დარჩეს გუნდი ისევ უპატრონოდ, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დროულად მოაგვაროს ეს საკითხი, მფლობელობაში გადასცეს კლუბი ფაბიო მანინოს და შეასრულოს ყველა ის დაპირება თუ ვალდებულება, რაც თავის დროზე აიღო“.