ქუთაისელებმა პორტუგალიელი ახალწვეული წარადგინეს - მონტეირო 3 ნომრით ითამაშებს #1TVSPORT
„ტორპედომ“ პორტუგალიელი ახალწვეული პედრო მონტეირო წარადგინა – ქუთაისურმა კლუბმა 28 წლის ტანმაღალ (192 სმ) მცველთან კონტრაქტი გააფორმა და ეროვნული ლიგის საშემოდგომო ეტაპისთვის გუნდთან ერთად ემზადება.
მოთამაშე „ტორპედოს“ სპორტულმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ წარადგინა. ცნობილი გახდა, რომ პორტუგალიელი მცველი ქუთაისში 3-ნომრიანი მაისურით ითამაშებს
ფეხბურთელი საქართველოში ახალგაზრდა ქართველმა მენეჯერმა, გეგი კიკაბიძემ ჩამოიყვანა, რომელმაც მანამდე განის ნაკრების მცველის სამეულ ინკუმის ტრანსფერი განახორციელა.
„საქმე გაკეთებულია. პედრო მონტეირო ითამაშებს საქართველოში, ქუთაისის „ტორპედოში“ – მადლობა პარტნიორობისთვის პორტუგალიელ კოლეგებს და მოთამაშის ოფიციალურ წარმომადგენელს“, – წერს მოთამაშის მენეჯერი.
მონტეირო „პასუშ ფერეირას“, „პორტუსა“ და „ფრეამუნდეს“ საფეხბურთო აკადემიებში ვარჯიშობდა. პროფესიული კარიერაც „ფრეამუნდეში“ დაიწყო, რომელთანაც პორტუგალიის მთავარი ლიგის საგზური მოიპოვა. 2015 წელს „ბრაგაში” ჩაირიცხა, მერე იყო ლიმასოლის „აპოლონში“ – ორივე ამ გუნდთან თასის გამარჯვებული გახდა, პორტუგალიის და კვიპროსის.
2017 წლის ზაფხულში „ეშტორილის“ ფეხბურთელი გახდა, ხოლო ბოლოს პორტუგალიის მეორე ლიგის „აკადემიკო დე ვიზეუში” გამოდიოდა. გერმანული ინტერნეტ-სააგენტო „ტრანსფერმარკტი“ ქუთაისელთა ახალწვეულის ტრანსფერს 300 ათას ევროდ აფასებს.