ქუთაისელებმა ფეხბურთის ფედერაციას მიმართეს - დროა, შეზღუდვები მოიხსნას, ფანები სტადიონის გარეთ მაინც ვიკრიბებით
ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივართა კლუბმა „ჩვენ ვართ ტორპედო“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას (სფფ) მიმართა და მოითხოვა, რომ გულშემატკივრებს სტადიონზე შესვლის და თამაშებზე დასწრების უფლება დართოს.
„დროა, სფფ-მ გულშემატკივრის ტრიბუნაზე დაშვებაზე იფიქროთ და ამ საკითხზე საქართველოს მთავრობას მიმართოთ. არანაირი აზრი არ აქვს ამ შეზღუდვას, ფანები მაინც იკრიბებიან სტადიონის გარეთ, გასვლებზეც ჩვეულებრივად დადიან და ამ შეზღუდვის ძალაში დატოვება გაუმართლებელია“ – წერია მიმართვაში.
ქუთაისელი გულშემატკივრების აზრით, არსებული ვითარება ამ შეზღუდვებს კიდევ უფრო მიუღებელს ქმნის: „ქართულ სტადიონებზე იმდენი ხალხი არ დადის, მათი გაკონტროლება რომ ვერ შეძლოთ. სხვა ქვეყნებში, სადაც ვირუსი ჩვენზე მეტადაა გავრცელებული, ფანები თამაშებს დისტანციურად ესწრებიან“.
ჯგუფი „ჩვენ ვართ ტორპედო“ მიიჩნევს, რომ ზოგადად, ქვეყანაში არსებული ვითარებაც გაუმჯობესებულია: „შევხედოთ, რა ხდება საქართველოს ქალაქებში, სავაჭრო ცენტრებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტებში – თუ სხვა სფეროში არაა დიდი მასის შეკრების პრობლემა, სტადიონზე რატომაა დაუშვებელი? იმ ადამიანებს, ვინ ფეხბურთით ცხოვრობს, საყვარელი კლუბების თამაშებზე დაუშვით“.
ქუთაისელი გულშემატკივრებმა სხვა გუნდის ფან-კლუბებსაც მიმართეს: „იმედია, სხვა კლუბების ფანებიც გვეთანხმებიან და მოითხოვენ ამ შეზეუდვის გაუქმებას, ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ თამაშებზე არ შეგვიშვან. რა მნიშვნელობა აქვს, ათობით და ასობით ადამიანი სტადიონს გარეთ შეიკრიბება თუ სტადიონს შიგნით. იმედია, უახლოეს მომავალში სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ და ჩვენ თამაშებზე დასწრებას შევძლებთ“.