ქუთაისელები „ტორპედოელთა“ „დინამოში“ გადასვლას ხუმრობით გამოეხმაურნენ - ეს გუნდი თბილისის „ტორპედოა“
ქუთაისელები „ტორპედოელთა“ „დინამოში“ გადასვლას ხუმრობით გამოეხმაურნენ - ეს გუნდი თბილისის „ტორპედოა“
ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივართა ჯგუფის, „ჩვენ ვართ ტორპედო“ გვერდი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, თითქოს თორნიკე კაპანაძე თბილისის „დინამოში“ გადავიდა.
 
„თორნიკე კაპანაძეზე დაწერილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის თბილისის „დინამოში“ გადავიდა, სიცრუე აღმოჩნდა. „ელვას“ ამ ეტაპზე „ტორპედოსთან” კონტრაქტი დამთავრებული აქვს და კლუბისგან ახალ შეთავაზებას ელოდება. როგორც იცით და უკვე არაერთგან დაიწერა იტალიელ ინვესტორებზე, მათი საკითხი 6 იანვრამდე გადაწყდება. ასე რომ, სულ მალე გვეცოდინება, ოფიციალურად გადავრჩებით თუ ბოლომდე ჩავიძირებით“, – წერია გულშემატკივართა ვებგვერდზე.
მაგრამ ფაქტია, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ მოთამაშეთა და მწვრთნელთა მნიშვნელოვანი ნაწილი პრინციპული მეტოქის, თბილისის „დინამოს“ რიგებში ჯგუფურად გადავიდა. ამას „ჩვენ ვართ ტორპედო“-ს გვერდი ქუთაისური იუმორით გამოეხმაურა.
„ჩვენ ვართ ტორპედო“-ს ფეისბუქის გვერდზე იმ მოთამაშეთა და მწვრთნელთა სია გამოაქვეყნეს, ვინც ბოლო წელიწადში „ტორპედოდან“ თბილისის „დინამოში“ გადავიდა:
1) გიორგი კუხიანიძე
2) ლევან კუტალია
3) არფრანგ დაფე
4) გიორგი ქიმაძე
5) ნოდარ ქავთარაძე
6) როინ კვასხვაძე
7) კახა ჩხეტიანი, მთავარი მწვრთნელი
8) შალვა ღონღაძე, ფიზმომზადების მწვრთნელი
9) ოთარ საბანაძე, ფიზმომზადების მწვრთნელი
„ბოლო ინფორმაციით, თბილისის „დინამოში“ 9 ადამიანი წავიდა და გვერწმუნეთ, კიდევ რამდენიმე ადამიანი გზაშია. ეს თბილისის „ტორპედოა“, – წერია „ჩვენ ვართ ტორპედო“-ს ფეისბუქის გვერდზე.