„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებულ 13 პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
„კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის“ და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებულ ცამეტივე პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
13 ბრალდებულიდან სასამართლო დარბაზში მხოლოდ რამდენიმე პირი იმყოფებოდა. დანარჩენები სხდომას დისტანციურად ერთვებოდნენ.
სახელმწიფო ბრალდება დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. ადვოკატები კი დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ.
ყველა დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 13 პირი 10 ივნისს დააკავა, კანონიერ ქურდს კი, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.