ქურდობის გამო „მოლდემ“ თავის ერთ-ერთ ფეხბურთელთან კონტრაქტი გაწყვიტა
ნორვეგიულმა „მოლდემ“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ცენტრალურ მცველ ვეგარდ ფორენთან კონტრაქტი გაწყვიტა. ეს ინფორმაცია კლუბის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ ფეხბურთელმა საკმაოდ დიდი თანხა მოიპარა საერთო სალაროდან, რომელიც მოთამაშეებისთვის დაწესებული ჯარიმებით ივსებოდა, და ის აზარტულ თამაშებში დახარჯა. როგორც ირკვევა, ფორენი ამ სალაროზე პასუხისმგებლად იყო დანიშნული და ფულზე ხელი უპრობლემოდ მიუწვდებოდა. ფეხბურთელის თქმით, ის უკვე 15 წელია, რაც აზარტული თამაშებით არის გატაცებული.
ნორვეგიული პრესის ინფორმაციით, ფორენის მიერ მოპარული თანხა 100 000 ნორვეგიულ კრონას შეადგენს, რაც დაახლოებით 10 000 ევროს ექვივალენტია.
ვეგარდ ფორენი „მოლდეს“ ღირსებას 2007 წლიდან იცავს. გარდა ამისა, ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებში მას 33 მატჩი აქვს ჩატარებული.