ქურდაძემ „სამტრედიას“ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა - სტადიონის გარედან ისინი დიდ მუხტს გადმოგვცემდნენ #1TVSPORT
ქურდაძემ „სამტრედიას“ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა - სტადიონის გარედან ისინი დიდ მუხტს გადმოგვცემდნენ #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ „სამტრედიასთან“ ეროვნული ლიგის 22-ე ტურის შეხვედრა 3:1 მოიგო – ამის მიუხედავად, ლამის ყველა გამოცემამ ტურის სიმბოლურ ნაკრებში სტუმართა მეკარე ბექა ქურდაძე დაასახელა, რომელმაც მართლაც გამორჩეული თამაში ჩაატარა – მისი ბრალი არც ერთ გოლში არ იყო, არაერთხელ გუნდი გოლისგან იხსნა.

ბექა ქურდაძემ ბათუმის „დინამოსთან” თამაშზე ისაუბრა და საკუთარი თამაშის შეფასებას მოერიდა.

„საკუთარი თამაშის შეფასებას მოვერიდები. აჯობებს, ეს გულშემატკივრებმა გააკეთონ. საერთოდ, ბოლო დროს „სამტრედიას“ მხარდამჭერებისგან უდიდესი თანადგომა მოდის, რასაც თამაშების დროს აშკარად ვგრძნობ. „სამტრედიას“ სტადიონს დისკვალიფიკაცია რომ მისცეს, არენის გარშემო იდგნენ და მათგან დიდი მუხტი მოდიოდა. ეს დიდი მოტივაციაა და დიდ ძალას გვძენს. თითოეულ მათგანს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. როგორც აქამდე ვიხარჯებოდი ყველა თამაშში ბოლომდე, შევეცდები, რომ ამის შემდეგაც ასევე ვითამაშო“, – ამბობს ბექა ქურდაძე.

25 წლის მეკარემ „სამტრედიას“ მომდევნო მატჩებზეც ისაუბრა.

„ბათუმის „დინამო“ ახლა ეროვნულ ჩემპიონატში, ვფიქრობ, რომ საუკეთესო გუნდია. ჩვენ კი ახალი შეკრებილები ვართ, შეკრებიდან ახლახანს ჩამოვედით და თამაშში კიდევ ბევრი რამ გვაქვს დასახვეწი. „სამტრედია“ ამას გარდა, შემადგენლობითაც გადახალისდა და ვფიქრობ, რომ შემდეგ შეხვედრებში თამაშის ხარისხს გავაუმჯობესებთ“.

ბექა ქურდაძის თქმით, დარჩენილ შეხვედრებში გუნდი მაქსიმუმის მოპოვებას შეეცდება.

„ჩვენ ყველა შეხვედრაზე მოსაგებად ვიბრძვით, რადგან გუნდი უკვე ისეთ მდგომარეობაშია, დასაკარგი არაფერი გვაქვს. შემდეგი მატჩი „ლოკომოტივთან“ გვაქვს და ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა „სამტრედიასთვის“ გარდამტეხი უნდა აღმოჩნდეს. ეს თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ და ვინც მოედანზე გავალთ, ბოლომდე დავიხარჯებით“.