ინგლისელმა უკანახაზელმა, ქრის ეშტონმა საფრანგეთის “ტოპ 14”-ის რეკორდი მოხსნა. უმაღლესი დივიზიონის 24-ე ტურის შეხვედრაში “ტულონი” “მონპელიეს” დაუპირისპირდა და გათამაშების ლიდერი 32:17 დაამარცხა.
მატჩის პირველი ლელო ქრის ეშტონის ანგარიშზეა – ტულონელთა კარგი იერიშის შემდეგ ბურთი ახალ ზელანდიელ მა’ა ნონუს მიუვიდა, რომელმაც ეშტონს გადაცემა არ დაუგვიანა და ამ სეზონში ინგლისელმა ფრთამ 22-ე ლელო მიითვალა. მან ფიჯელი ნაპოლეონი ნალანგას რეკორდი დაამხო, რომელმაც “კლერმონის” შემადგენლობაში 21 ლელოს დადება 2008-2009 წლების სეზონში მოახერხა.
ეშტონი საფრანგეთში 2017 წლიდან თამაშობს, თუმცა ნაკრებში 2014 წლის შემდეგ აღარ იძახებენ. 2010-2014 წლებში მან 39 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა და 19 ლელოს დადება მოახერხა.