ქოჩორაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - „ლევანტემ“ „დეპორტივო“ დაამარცხა #1TVSPORT
ქოჩორაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - „ლევანტემ“ „დეპორტივო“ დაამარცხა #1TVSPORT

„ლევანტემ“, სადაც გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს, ლა ლიგა 2-ში ლა კორუნიის „დეპორტივოს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

ქართველი ნახევარმცველი მე-11 ტურის დაპირისპირებაში ვალენსიური კლუბის ძირითად შემადგენლობაში იყო, 90 წუთი ითამაშა, ყვითელი ბარათი (90+8) მიიღო და ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება, 7.5 ქულა დაიმსახურა.

„ლევანტემ“ მთავარი საქმე პირველივე ტაიმში გააკეთა. მატჩის გმირი მასპინძელთა 23 წლის თავდამსხმელი ივან რომერო იყო, რომელმაც შესვენებამდე „დეპორტივოს“ ორი ბურთი გაუტანა – ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა, ხოლო 29-ეზე დუბლი შეასრულა. მართალია, ბარბერომ (89) სხვაობა შეამცირა, მაგრამ სტუმრებმა თამაში ვეღარ გადაარჩინეს.

ქოჩორაშვილმა მე-5 წუთზე სცადა ბურთის გატანა, თუმცა მეკარემ საიმედოდ ითამაშა. გიორგის თავის გამოჩენა 65-ე წუთზეც შეეძლო – კარგი შეტევა წამოიწყო და თანაგუნდელთან გათამაშებული „კედლის“ შემდეგ საჯარიმოში დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ გატანა ვერ მოახერხა.

11 ტურის შემდეგ „ლევანტემ“ 18 ქულა დააგროვა, მეხუთე ადგილზე დაწინაურდა და ლა ლიგაში გადასასვლელი პლეი ოფის ზონაშია.