ქოჩორაშვილმა კიდევ ერთი ოცნება აისრულა - მსურს, კიდევ უფრო გავიზარდო (ვიდეო)
ესპანეთის ლა ლიგის „ლევანტეს“ ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა კმაყოფილება გამოხატა, რომ გუნდის ფორმით პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა ესპანეთის სამეფო თასის („კოპა დელ რეი“) მატჩში „რასინგ მურსიასთან“ (0:5). 21 წლის ქართველმა აღნიშნა, რომ მან აიხდინა ოცნება და აღნიშნა, რომ სურს, ზრდა განაგრძოს.
„ლა ლიგაში დებიუტი გასულ სეზონში მქონდა და ვთქვი, რომ ჩემი ოცნება ესპანეთში თამაში იყო და ასეც მოხდა – გასული წლის ბოლოს, ლა ლიგაში, ბილბაოს „ატლეტიკთან“ რამდენიმე წუთი ვითამაშე. ახლა კიდევ ერთი ოცნება ავისრულე“, – თქვა საკლუბო ტელევიზიასთან ინტერვიუში 21 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ამ ხუთი გოლიდან მეოთხეს ავტორი გახდა და „ლევანტეში“ პირველად გაიტანა.
ქართველმა ნახევარმცველმა მადლობა გადაუხადა ძირითადი და სარეზერვო გუნდების მწვრთნელებს: „მადლობა მათ იმისთვის, რომ ძალიან გვეხმარებიან თამაშის გაუმჯობესებაში. „ლევანტეში“ ბევრი მაღალი დონის მოთამაშეა, გაწეული შრომა კი მათთან კონკურენციის იმედს მაძლევს“.
საკლუბო ტელევიზიასთან ინტერვიუში მან აღიარა, რომ ერთ-ერთი შეტყობინება, რომელმაც „კოპა დელ რეიზე“ გატანილი გოლის შმდეგ ყველაზე მეტად გაახარა, მისი თანამემამულე შოთა არველაძის მილოცვა იყო, რომელიც „ლევანტეში“ 2007-08 წლების სეზონში თამაშობდა, თუმცა, ტრავმის გამო მხოლოდ ოთხი შეხვედრა ჩაატარა.
„პირადად შოთა არველაძეს არ ვიცნობ, მაგრამ მომილოცა და იმედია, მას მალე შევხვდები. ეს ჩემთვის დიდი პატივი იქნება. როდესაც პატარა ვიყავი, არველაძის თამაშებს და მის გატანილ გოლებს ვუყურებდი. მიხარია, რომ „ლევანტეში“ მასზე მეტი უკვე გავიტანე. თუმცა, სერიოზულად რომ ვთქვათ, მას გატანის საშუალება ტრავმებმა არ მისცა“, – თქვა გიორგი ქოჩორაშვილმა.