ქოჩორაშვილის „ლევანტე“ ერთ-ერთ ლიდერს დაუზავდა - ვალენსიელები პლეი ოფში თამაშის შანსს ინარჩუნებენ #1TVSPORT
„ლევანტე“ ლა ლიგა 2-ში ერთ-ერთ ლიდერს, „ეიბარს“ დაუპირისპირდა. გიორგი ქოჩორაშვილის გუნდმა თამაში და ლა ლიგაში გადასვლის შანსი ბოლო წუთებზე გადაარჩინა.
39-ე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 80 წუთი ითამაშა. „ლევანტემ“ მატჩი კარგად დაიწყო. მე-11 წუთზე ვალენსიელები ადრიან დე ლა ფუენტემ დააწინაურა. შესვენებამდე სტუმრების მცველმა, ალვარო ტეხერომ (31) წონასწორობა აღადგინა, ხოლო 61-ე წუთზე დუბლი შეასრულა და „ეიბარი“ დააწინაურა. საბოლოო ანგარიში კი 90+1-ე წუთზე „ლევანტეს“ მაროკოელმა თავდამსხმელმა, მუჰამედ ბულდინიმ დააფიქსირა.
39 ტურის შემდეგ „ლევანტე“ 56 ქულით მე-11 ადგილზეა, მაგრამ სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ლა ლიგის დასაწინაურებელი პლეი ოფის ზონაში მყოფ გუნდებს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება და გადასვლის შანსებს ინარჩუნებს.