ქოჩორაშვილი ძალას გუნდისა და გულშემატკივრების ერთიანობაში ხედავს - მამარდაშვილი წარმატებული სერიის გაგრძელებას იმედოვნებს #1TVSPORT
უკრაინის ნაკრებთან ერთა ლიგის მოახლოებული მატჩების შესახებ კომენტარი გააკეთეს ვალენსიურ კლუბებში მოთამაშე საქართველოს ეროვნული გუნდის ფეხბურთელებმა, მეკარე გიორგი მამარდაშვილმა („ვალენსია“) და გიორგი ქოჩორაშვილმა („ლევანტე“).
„მოახლოებულ მატჩებს ჯგუფის ლიდერის სტატუსით ვხვდებით, რაც ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვართ, მაგრამ, პროგრესი მუდმივია, არასდროს უნდა შევჩერდეთ და საჭიროა, წინსვლა გავაგრძელოთ.
დიდად არ მიყვარს მეტოქეებზე საუბარი, მაგრამ ვიცით, რომ უკრაინა ინდივიდუალურად ძლიერი გუნდია, თუმცა ისიც ვიცით, რომ ძალა ჩვენშია. ძალას გვაძლევს ერთიანობა, არა მხოლოდ იმ 23 მოთამაშის, რომლებიც დღეს აქ ვართ, არამედ მთელი ქვეყნის.
ძალიან სასიამოვნო იყო გოლების გატანა, თუმცა ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ ვაჩვენოთ ერთმანეთს და მომავალ თაობას, რომელიც გვიყურებს, ძალა და ერთიანობა, რათა ისწავლონ, რომ ამით ბევრის მიღწევა შეგვიძლია“, – ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი.
გიორგი მამარდაშვილი: „უკრაინის ნაკრებთან რთული თამაში გველის. მეტოქეს ბევრი ფეხბურთელი აკლია, არ იქნებიან ოპტიმალური შემადგენლობით, თუმცა მიუხედავად ამისა, მათ ჰყავთ იმ დონის მოთამაშეები, რომლებიც დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევენ. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მნიშვნელოვანი იყო წარმატებული სვლის გაგრძელება. ჩემი აზრით, ამ დავალებას თავი კარგად გავართვით. რა თქმა უნდა, ეს სერია უნდა გაგრძელდეს”.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფში 6 ქულით უდანაკარგოდ ლიდერობს, უკრაინა კი უქულოდ ბოლო ადგილზეა.
უკრაინა – საქართველოს მატჩი პოზნანის სტადიონზე 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.