ქობულეთის „შუქურა“ - კლუბი მზადაა, ფეხბურთელების დავალიანება სრულად დაფაროს #1TVSPORT
ქობულეთის „შუქურას“ ადმინისტრაციამ გუნდში არსებულ დავალიანებაზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
„ქობულეთის „შუქურა“ მზად არის ფეხბურთელების ძველი სახელფასო დავალიანება სრულად დაფაროს, რისთვისაც ფეხბურთელებს დაეგზავნათ შეთანხმებები ხელმოსაწერად. ამ ეტაპზე რჩება ოთხი მწვრთნელის მიმართ დავალიანება, რომლებსაც მოთხოვნილი აქვთ საკომპენსაციო თანხა, მაგრამ ვინაიდან ისინი აპრილის თვიდან დასაქმებული არიან სხვა კლუბში, 2022 წელს ფიფა-ს მიერ მიღებული კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, სრული წლის კომპენსაციის გადაანგარიშება უნდა მოხდეს დასაქმების ახალ ადგილზე არსებული ხელფასის გამოკლებით. ამ გადაანგარიშებას დრო სჭირდება, რაც უახლოეს მომავალში მოგვარდება და კლუბი ამ ვალდებულებასაც გაისტუმრებს“ – წერია საფეხბურთო კლუბ ქობულეთის „შუქურას“ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
ამასობაში, ქობულეთის „შუქურამ“ ამხანაგურ შეხვედრა გამართა ხობის „კოლხეთთან“ და 3:2 დაამარცხა. დუბლი დავით მუჯირმა შეასრულა, მესამე გოლი კი ლუკა რობაქიძის ანგარიშზეა.
„შუქურა“ 22 ივლისს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების 1/16-ფინალში თბილისის „ლოკომოტივი“ სტუმრად ეთამაშება. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე 18:30 საათზე დაიწყება.