ქეთევან ციხელაშვილი - დღეს არსებული სიტუაცია არ არის სარგებლის მომტანი არავისთვის, იქნება ეს ქართველი, აფხაზი თუ ოსი, ჩვენ ყველა ვიტანჯებით
ქეთევან ციხელაშვილი - დღეს არსებული სიტუაცია არ არის სარგებლის მომტანი არავისთვის, იქნება ეს ქართველი, აფხაზი თუ ოსი, ჩვენ ყველა ვიტანჯებით

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეების მდგომარეობა ბოლო წლებში გაუარესდა. ამის შესახებ მან ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.

„ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეების მდგომარეობა 2014 წელთან შედარებით გაუარესდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც აფხაზეთის ე.წ. და უკვე ექსპრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა მივიდა ხელისუფლებაში. ის ახლა იძულებული გახდა, გადამდაგრიყო. ამის მიზეზი იყო აფხაზეთის რეგიონში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები. ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ადგილზე ზოგადი სიტუაცია რთულია. ეს ასევე აჩვენებს, რომ დღეს არსებული სიტუაცია არც ერთი ჩვენგანის ინტერესებისთვის სარგებლის მომტანი არ გახლავთ, იქნება ეს ქართველი, აფხაზი თუ ოსი.

ჩვენ ყველა ვიტანჯებით. მეტიც, მე იმასაც კი ვიტყოდი, რომ შექმნილი მდგომაროება თავად რუსეთის ინტერესებსაც არ შეესაბამება. მათ შორის იმ მიზეზით, რომ ტანკები და მავთულხლართები გრძელვადიანი ინტერესებს კარგს ვერაფერს მოუტანს. თუმცა, სამწუხაროდ, როდესაც საქმე საქართველოს ან უფრო ფართო სამეზობლოს ეხება, კრემლი დღეს ასე არ ფიქრობს. დღეს ყველამ ვიცით, თუ როგორ იყენებს მოუგვარებელ კონფლიქტებს რუსეთი, რათა ზემოქმედება მოახდინოს ჩვენს ქვეყნებზე და მათ განვითარებაზე“, – აცხადებს ციხელაშვილი.

მისი თქმით, თბილისის პასუხი ცალსახა და მკაფიოა – ეს არის შეუქცევადი ევროპული კურსი და მდგრადი, აქტიური სამშვიდობო პოლიტიკა.

„მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება არის ყოველდღიური და ძალიან დელიკატური საქმე, რომელიც სრულდება რეგულარული პროვოკაციების საწინააღდმეგოდ, ალბათ წარმოგიდგენიათ კიდეც. თუმცა, ეს უმთავრესი პრიორიტეტია და ჩვენ ამას ვაკეთებთ. მშვიდობა, როგორც ასეთი, ჩვენთვის არის კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკის ამოსავალი წერტილი. რუსეთის მიმართებაში – დეოკუპაცია, დიალოგი და შერიგება აფხაზ და ოს საზოგადოებასთან – ეს არის ამ პოლიტიკის ორი უმთავრესი შემადგენელი. ჩვენ გვაქვს აქტიური სამშვიდობო პოლიტიკა, მიუხედავად იმისა, რომ მკაფიოდ ჩანს, არსებობს მცდელობა, გადაგვიყვანონ რეაქციის რეჟიმზე და ამისთვის ხელოვნურ გამოწვევებს ქმნიან. ეს პროაქტიური სამშვიდობო პოლიტიკა მიმართულია კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისკენ, რათა დავიცვათ მათი ძირითადი უფლებები; გავაუმჯობესოთ მათი ცხოვრების პირობები და გავდოთ ნდობის ხიდები ხელოვნურ გამყოფ ხაზებზე. სწორედ ამ სულისკვეთებით, ჩვენ წამოვიწყეთ ახალი ყოვლისმომცველი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავალისკენ“. ეს ინიციატივა ითვალისწინებს ვაჭრობას, განათლებას, ასევე სხვადასხვა სერვისებთან ხელმისაწვდომობას. ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა საერთაშორისო საზოგადოებამ და მათ შორის, ევროპარლამენტმაც, რისთვისაც ჩვენი ხელისუფლება მადლიერია“, – აცხადებს ციხელაშვილი.

მისივე განცხადებით, ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად და მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივის განხორციელება ჯერ ახლა იწყება, უკვე არსებობს თანამშრომლობის მკაფიო ინტერესი, როგორც აფხაზი, ისე ოსური თემის მხრიდან.

„მაგალითისთვის, აფხაზი და ოსი სტუდენტების რიცხვი, რომლებიც უმაღლეს განათლებას იღებენ, 2,5-ჯერ არის გაზრდილი. რადგან ახალი შესაძლებლობები არსებობს. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ პირველივე ეტაპზე, როდესაც გამოცხადდა მცირე გრანტები ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სხვადასხვა მხარეს მცხოვრები მოქალაქეებისთვის, ერთობლივი პროექტების დასაწყებად, ჩვენ მივიღეთ 15-ჯერ მეტი განაცხადა. ეს აჭარბებდა ყველა ჩვენს მოლოდინს. ჩვენ ვსაუბრობთ ასობით განაცხადზე და უამრავ ადამიანზე. ახლა ჩვენი გამოწვევაა ამ ინტერესის დაკმაყოფილება, რადგან ეს არის შესაძლებლობა ინვესტიციები მშვიდობაში დავაბანდოთ, რაც ხდება ადამიანებს შორის კონტაქტების სტიმულირებით, თანამშრომლობითა და დიალოგის გზით.

სწორედ ამ მიზნით ავამოქმედეთ ახალი ფინანსური ინსტიტუტი, სამშვიდობო ფონდი. ეს არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მოემსახურება ამ ამოცანებს და რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით კონტრიბუციას ჩვენი პარტნიროებისგან. ჩვენ ვართ იმგვარ სიტუაციაში, როდესაც მცირე დაბანდებაც კი ძალიან დიდ შედეგებს მოიტანს.

რა თქმა უნდა, ევროკავშირს აქვს მთავარი როლი სამშვიდობო პროცესში, რისთვისაც მადლიერები ვართ და ასევე, ველოდებით ახალ შესაძლებლობებს, რაც საქართველოს მთავრობის გეგმის განხორციელებაში დაგვეხმარება“, – აცხადებს ციხელაშვილი.

მისივე თქმით, საქართველოს კოორდინირებული ძალისხმევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისთვის.

„ეს კი თავის მხრივ მნიშვნელოვანი საქართველოში და ასევე ევროპის მშვიდობისთვის. დღეს საქართველო რჩება ევროპული ინტეგრაციის კურსის ერთგული. ეს არის ჩვენი მთავრობისა და ხალხის მტკიცე პოზიცია. ბოლო კვლევით, მოსახლეობის 83 პროცენტი მხარს უჭერს ამ კურსს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დატოვე კომენტარი