ქეთა გაბიანი - ამ კატასტროფულ სიტუაციაში ყველამ ერთად რაღაცნაირად უნდა ვცადოთ, გამოვძვრეთ, თორემ დავიღუპებით [ვიდეო]

ამ კატასტროფულ სიტუაციაში ყველამ ერთად რაღაცნაირად უნდა ვცადოთ, გამოვძვრეთ, თორემ დავიღუპებით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერმა ქეთა გაბიანმა პირველ არხს რომში განუცხადა, სადაც სააკაშვილთან შეკრება უნდა გაიმართოს.

„ამ კატასტროფულ სიტუაციაში ჩვენ გზა აღარ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ყველამ ერთად რაღაცნაირად ვეცადოთ და გამოვძვრეთ აქედან, თორემ დავიღუპებით, მართლა დავიღუპებით.

რომ ჩავდიოდი ამერიკაში, ინგლისში და ვამბობდი, რომ ვარ ქართველი, გარშემო ყველას თვალები რომ უნათდებოდა – როგორი ქვეყანაა, კავკასიის მომავალი, ამას ვხედავდი. დღეს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე არავინ ჩასულა, ერთი ჩამოვიდა ვიღაც სომხეთიდან, როგორც მახსოვს, ერთი ვიღაც მინისტრის მოადგილე, დაახლოებით ასეთი რაღაც იყო. კარგით რა, ხალხნო“, – განაცხადა ქეთა გაბიანმა.

რომში, სასტუმრო „პალაცო ნაიადოში“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ამ დროისთვის იკრიბებიან.

შეხვედრა თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი შეხვედრაზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, 10 თებერვალს მოძრაობა „ერთად სახლშის“ ორგანიზებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს ბელგიის ქალაქ ლიეჟში შეხვდა.