ქეცბაიას ყველაზე ცუდი შედეგი „ანორთოსისში“ - კვიპროსულმა გამოცემამ სტატისტიკა გამოაქვეყნა #1TVSPORT
თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყო – კვიპროსის ჩემპიონატში ჩატარებული 6 ტურის შემდეგ, კლუბი 6 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოდან მეორე (11) ადგილზეა.
მიუხედავად იმისა, რომ გუნდის ქართველი მწვრთნელი, კვიპროსელებში დიდი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს, გამოცემა philenews-მა ქეცბაია გააკრიტიკა. წერილში „თემურის ხელში ახლა ყველაზე ცუდი „ანორთოსისია“, ყურადღება იმაზეა გამახვილებული, რომ მსგავსი ცუდი შედეგი ქართველ მწვრთნელს არასოდეს ჰქონია.
„თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით „ანორთოსისს“ კვიპროსის ჩემპიონატში ყველაზე ცუდი სტარტი აქვს – მხოლოდ ექვსი ქულა ექვს მატჩში. 53 წლის მწვრთნელის მუშაობის პერიოდში ფამაგუსტელების ყველაზე ცუდი შედეგია. წელს უკვე მერვე სეზონია, რომელშიც ქეცბაია მთავარია მწვრთნელია და ფამაგუსტას გუნდს 6 მატჩში ასე ცოტა ქულა არასოდეს ჰქონია“, – წერს philenews.
კვიპროსული გამოცემა ქართველის სპეციალისტის მუშაობის სტატისტიკას აქვეყნებს:
„ქართველის სამწვრთნელო კარიერის პირველ სეზონში (2004-05) 6 ტურის შემდეგ „ანორთოსისს“ 14 ქულა ჰქონდა. მომდევნო სეზონში ორი ქულა ნაკლები დააგროვა, 10 ქულა მოიპოვა 2006-07 წლებში, 2007-08 წლებში – 14, 2008-09 წლებში – 13. მეორე სეზონში ქეცბაიამ ლტოლვილთა გუნდით 2019-20 სეზონში 12 ქულა დააგროვა, ხოლო შარშან – 13 ქულა“.
ამავე დროს, ხაზგასმულია, რომ ბოლოდან მეორე ადგილზე გუნდი არასოდეს ყოფილა:
„2000 წლიდან „ანორთოსისი“ კიდევ ორჯერ იყო ამ პერიოდში 6 ქულის ამარა, თუმცა, წლევანდელისგან განსხვავებით, გავარდნის ზონაში არ მოხვედრილა. 2014-15 წლების სეზონში, ორი მოგებითა და ოთხი წაგებით მე-5 ადგილზე იმყოფებოდა, ხოლო 2018-19 წლების სეზონში, ერთი მოგებით, სამი ფრე და ორი მარცხით მე-7 ადგილს იკავებდა“.