ქეცბაიას გზა გაეხსნა - ის კვიპროსის ნაკრების მწვრთნელობის ფავორიტია #1TVSPORT
„თემურის ქეცბაიას გზა გაეხსნა“ – ამ სათაურით აქვეყნებს კვიპროსული გამოცემა „სპორტ ტაიმი“ წერილს და ამტკიცებს, რომ ქართველი მწვრთნელი კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია.
„კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მწვრთნელთან, ნიკოს კოსტენოღლუსთან თანამშრომლობის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღო. სკამი ცარიელი დარჩა. ახლა გზა ღიაა თემურ ქეცბაიასთვის, რადგან მასთან შეთანხმების მისაღწევად შეხვედრები გაიმართება. ქართველი მწვრთნელი კოსტენოღლუს შემცვლელ ფავორიტად ითვლება“, – ამტკიცებს „სპორტტაიმი“.
შეგახსენებთ, რომ ქეცბაია აფხაზეთში, გალში გაიზარდა, ვარჯიშობდა თბილისის საფეხბურთო სკოლაში, პროფესიულ ფეხბურთში პირველი ნაბიჯი სოხუმის „დინამოში“ გადადგა. 1987 წელს თბილისის „დინამოში“ მიიწვიეს, სადაც 1992 წლამდე თამაშობდა – ამ ხნის განმავლობაში გახდა საქართველოს სამგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი.
1992 წელს ქეცბაია კვიპროსულ „ანორთოსისში“ გაემგზავრა, სადაც სამ სეზონში 76 მატჩში 36 გოლი გაიტანა. გადავიდა აეთის აეკ-ში , საიდანაც 1997 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით „ნიუკასლს“ შეუერთდა. შემდეგ 1,3 მილიონ დოლარად იყიდა „ვულვერჰემპტონმა“, მერე გადავიდა შოტლანდიურ „დანდიში“, 2004 წელს დაბრუნდა „ანორთოსისში“, სადაც 2004 წლის იანვარში მოთამაშე მწვრთნელი გახდა.
ფეხბურთელის კარიერა დაასრულა 2007 წელს და მწვრთნელად დაინიშნა – 2008/09 წლების სეზონში მისი ხელმძღვანელობით მისი კლუბი გახდა პირველი კვიპროსული გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.
2010 წლის პირველ იანვარს თემურ ქეცბაია საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა, სადაც 2014 წლამდე იმუშავა. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 2010 წელი საუკეთესო იყო საქართველოს ნაკრებისთვის. გუნდს წლის განმავლობაში არც ერთი თამაში არ წაუგია. წარმატებული სერიის კულმინაცია იყო ხორვატიის ნაკრებთან საშინაო მატჩი 2011 წლის მარტში, რომელიც საქართველომ ლევან კობიაშვილის გვიანი გოლით 1:0 მოიგო. თუმცა ამის შემდეგ ნაკრებში კრიზისი დაიწყო. საბოლოოდ, 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლში პირველი ოთხი მატჩიდან სამის წაგების შემდგომ ქეცბაია მწვრთნელის პოსტიდან გადადგა.
2015 წლიდან იმუშავა „აპოელში“, ათენის აეკ-ში, „ორენბურგში“, ხოლო 2019 წელს დაბრუნდა „ანორთოსისში“, რომელთანაც კონტრაქტი მცირე ხნის წინ გაწყვიტა.