ქეცბაიას „ანორთოსისში“ დარჩენას სთხოვენ #1TVSPORT
ქეცბაიას „ანორთოსისში“ დარჩენას სთხოვენ #1TVSPORT

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ პრეზიდენტ ხრისტოს პულაიდისს ბოლო მცდელობა ჰქონდა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე თემურ ქეცბაია დაეტოვებინა – ინფორმაციას კვიპროსული გამოცემა „სპორტ ტაიმი“ ავრცელებს.

„მოვლენების განვითარება გვაჩვენებს, რომ ქართველი მწვრთნელი განიხილავს მისთვის წარდგენილ კანდიდატურებს და წინადადებებს ტექნიკური შტაბის რეორგანიზაციისთვის. მომდევნო დღეები საბოლოო შედეგისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება“, – წერს გამოცემა.

„სპორტ ტაიმის“ ცნობით, გუნდის ხელმძღვანელობა ქართველი მწვრთნელის დატოვებას ცდილობს:

„ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ადმინისტრაციას სურს, რომ გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნება გუნდში დარჩეს. მან ასევე განაცხადა Cablenet-თან ბოლო ინტერვიუში, რომ თემურ ქეცბაიასთან მუშაობის გაგრძელების სურვილი გამოხატეს“.

შეგახსენებთ, თემურ ქეცბაიამ ერთი დღის წინ არ მიიღო ხელმძღვანელების წინადადება, რომ თავად დარჩენილიყო, მაგრამ შვიდიდან სამი ასისტენტი გაეშვა. ასისტენტებს შორის არიან სოსო ჭედია და როლანდ ხვადაგიანი, მაგრამ უცნობია, გასაშვებთა სიაში იყვნენ თუ არა ქართველები.