ქეცბაიას „ანორთოსისმა“ ქართველების „აპოელი“ დაამარცხა - გიორგი ქვილითაია დაშავდა [ვიდეო] #1TVSPORT
თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატში კონკურენტი დიდი ანგარიშით დაამარცხა და ხანგრძლივი მოუგებელი სერიის შეწყვეტასთან ერთად, საჩემპიონო ბროლის გაგრძელების შანსიც შეინარჩუნა.
ქართველი მწვრთნელის გუნდის მეტოქე კვიპროსის I დივიზიონის საჩემპიონო ჯგუფში პრინციპული მოწინააღმდეგე ნიქოზიას „აპოელი“ იყო, სადაც სამი ქართველი ფეხბურთელია, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ტრავმისგან მომჯობინებული თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია იყვნენ, ხოლო მურთაზ დაუშვილი ტრავმირებულია და სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს.
სამწუხაროდ, ქვილითაია, რომელმაც გუნდი კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა, მე-19 წუთზე დაშავდა და ნაადრევად შესაცვლელი გახდა, ხოლო ოქრიაშვილმა მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა. „ანორთოსისის“ კარში კი შეუცვლელად იდგა გიორგი ლორია, რომლის გუნდიც პირველი ტაიმის შემდეგ 3:0 იგებდა. გიორგის ბევრი საქმე არც ჰქონია და გუნდი ერთ ეპიზოდში, მე-7 წუთზე ქვილითაიას სახიფათო დარტყმის შემდეგ გადაარჩინა.
„ანორთოსისმა“ 4:1 მოიგო და მესამე ადგილზე დაწინაურდა, „აპოელს“ კი ქულით ჩამორჩება. ქეცბაიას გუნდმა 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და ნიქოზიელთა 6-მატჩიანი წაუგებელის სერია შეაჩერა.