ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ საშინაო არენაზე გამართულ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში „პაფოსი“ 1:0 დაამარცხა და თემურ ქეცბაიას გუნდმა სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნა.
ბოლო ტურებში წარუმატებლობების შემდეგ, კვიპროსის ჩემპიონატის მე-15 ტურის შეხვედრა „ანორთოსისისთვის“ ბევრს ნიშნავდა. თემურ ქეცბაიამ ძირითად შემადგენლობაში სამი ქართველი დააყენა – გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი და გიორგი ქვილითაია და სამივე შეუცვლელად ათამაშა. თორნიკე ოქრიაშვილი კი ჯერ კიდევ მკურნალობს და სათამაშოდ მზად არაა.
შესანიშნავი მატჩი ჩაატარა გიორგი ლორიამ, რომელმაც გუნდი რამდენიმე ეპიზოდში გადაარჩინა. ძალიან აქტიური იყო დაუშვილი – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა მე-4 წუთზე შესანიშნავად ითამაშა და შორიდან უძლიერესი დარტყმით გატანა სცადა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა და „პაფოსი“ გადარჩა. 41-ე წუთზე სტუმრები მეკარე არტურ რუდკომ ქვილითაიას თავური დარტყმის შემდეგ აშკარა გოლისგან იხსნა.
50-ე წუთზე კვლავ დაუშვილმა შეუტია და „პაფოსი“ ისევ რუდკომ გადაარჩინა. მალე კი ქვილითაიას წაქცევისთვის მსაჯი პენალტის დანიშვნას აპირებდა, მაგრამ ვიდეორეფერის ჩარევის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. არადა, მცველმა ქართველ თავდამსხმელს ბუცი გამოსდო.
გოლი მაინც ქართველის მონაწილეობით გავიდა. მატჩის 65-ე წუთზე, ქვილითაიამ მარჯვენა ფლანგზე მცველს ბურთი აართვა და საჯარიმოსთან რენატო მარგასა შენიშნა, რომელმაც შესანიშნავი დარტყმით ანგარიში გახსნა და როგორც მერე გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – „ანორთოსისმა“ 1:0 მოიგო.
15 ტურის შემდეგ ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ 30 ქულა დააგროვა და კონკურენტებს, „აპოლონსა“ (29) და აელ-ს (28) გადაასწრო, მაგრამ მათ 2-2 მატჩი აქვთ გამოტოვებული.