ქეცბაიამ „პაფოსის“ რუსი მფლობელი უარით გაისტუმრა - ქართველ მწვრთნელს ნაკრებიდან წასვლა არ სურს #1TVSPORT
კვიპროსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი „პაფოსი“ მთავარ მწვრთნელად თემურ ქეცბაიას კვლავ იწვევს, თუმცა თავად კლუბი ინფორმაციას უარყოფს.
ამის შესახებ Sport-fm-თან კომენტარი „პაფოსის“ პრესსპიკერმა, პოლიბიოს პალიურასმა გააკეთა და მწვრთნელის თანამდებობაზე თემურ ქეცბაიასთან კონტაქტების შესახებ ხმები უარყო.
„ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, როგორ დასრულდება ჩვენი სეზონი. ჩვენ არ ვადასტურებთ თემურთან დაკავშირებით გავრცელებულ ჭორებს, რადგან ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს“, – განაცხადა „პაფოსის“ პრესსპიკერმა.
ბოლო წლებში ქართველი მწვრთნელის მომავალს უკვე მესამედ უკავშირებენ „პაფოსს“, რომელსაც რუსი მფლობელი ჰყავს. საინტერესოა, რომ ეს ხმები პირველად 2021 წელს გავრცელდა, შემდეგ კი – ქართველი მწვრთნელის კვიპროსის ნაკრებში დანიშვნისთანავე.
რადიო Sport-fm-ის ვებგვერდზე ამის შესახებ წერილიც გამოქვეყნდა: „„პაფოსის“ რუბლები და ქეცბაია“.
„ისევ ვრცელდება ჭორი, რომ „პაფოსი“ თემურ ქეცბაია უმიზნებს. დაახლოებით სამი თვის წინ, როცა ჰენინგ ბერგი გაათავისუფლეს, დაიწერა, რომ „პაფოსის“ მფლობელებმა ჩვენი ნაკრების მწვრთნელს მიმართეს, რათა გაერკვიათ, იყო თუ არა ნაყოფიერი ნიადაგი თანამშრომლობისთვის. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უარყოფითი პასუხი მიიღეს ქართველისგან, რომელსაც კვიპროსის ნაკრების მწვრთნელის პოსტის დატოვება არ სურს.
იმისათვის, რომ ქეცბაიამ გაწყვიტოს კვიპროსის ფედერაციასთან კონტრაქტი (2025 წლის ზაფხულამდე მოქმედებს) და კვიპროსის ლიგის გუნდში წავიდეს, შეთავაზება უნდა იყოს ძალიან მაცდური და პერსპექტიული. „პაფოსის“ რუს მფლობელებს შეუძლიათ, ორივე შესთავაზონ. მათ ფული აქვთ და შეუძლიათ, დაჰპირდნენ მაღალ ბიუჯეტს, რომლითაც ტიტულის მოპოვება გაადვილდება“, – წერია sport-fm-ის ვებგვერდზე.