ქეცბაიამ ოქრიაშვილი და ქვილითაია წასვლის გამო არ გაამტყუნა - სათადარიგოთა სკამზე ჰალსტუხით ვერ დავჯდები, მე ემოციური ადამიანი ვარ #1TVSPORT
ტელეკომპანია Cablenet Sports-თან ინტერვიუში თემურ ქეცბაიამ „ანორთოსისიდან“ ნიქოზიას „აპოელში“ გადასული ქართველი ფეხბურთელები არ გაამტყუნა და განაცხადა, რომ მათ კლუბი კონკურენტების მსგავს პირობებს ვერ სთავაზობდა.
„ჩვენ მადლობას ვუხდით მათ იმისთვის, რაც გუნდისთვის გააკეთეს. სამწუხაროდ, ჩვენ ფეხბურთელების პირობების დაკმაყოფილება ვერ შევძელით. ამიტომ, მათი გადაწყვეტილება სწორი იყო. ისინი ჩვენთან იღებდნენ იმ ხელფასის ნახევარზე ნაკლებს, რაც ახლა „აპოელმა“ შესთავაზა“, – განაცხადა ქეცბაიამ.
Cablenet Sports-ზე გამოსვლისას ქართველმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ თასის ფინალში წაგების შემთხვევაში გუნდიდან მიდიოდა:
„ეს იყო პირველი წელი ჩემი ხელმძღვანელობით, რომელშიც სასურველ მიზანს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ მეორე მხრივ, კვიპროსის თასი მოვიგეთ. რომ არ მოგვეგო, კონტრაქტი სრულდებოდა და მე მივდიოდი, გუნდი კი თანამშრომლობას სხვა მწვრთნელთან დაიწყებდა. ეს არის ფეხბურთი“.
მატჩის დროს ფეხბურთელებთან ურთიერთობაში არის თუ არა დაძაბული? ქეცბაიამ ამ კითხვაზეც უპასუხა:
„მე ვარ მწვრთნელი და როდესაც ვამბობ, რომ ფეხბურთელმა რაღაც უნდა გააკეთოს, მან ეს უნდა გააკეთოს. თუ ის არ გააკეთებს, მას დავუძახებ და დავალების შესრულებას მოვთხოვ. ყველა სტადიონზე, სადაც ვყოფილვარ, გინება ისმის. 30 წელია აქ ვარ, თქვენ მიცნობთ. ეს არის ფეხბურთი და რა გინდათ, რომ სათადარიგოთა სკამზე ჰალსტუხით დავჯდე და იქიდან არ წამოვდგე? მე არ შემიძლია თამაში, მაგრამ შეხვედრაში ჩემი მონაწილეობა ასე ემოციურად წარმომიდგენია“.