ქეცბაიამ „ანორთოსისში“ სომეხი მცველი მიიწვია - ამბარცუმიანი საქართველოს ჯგუფში პირველობას იმედოვნებს
ქეცბაიამ „ანორთოსისში“ სომეხი მცველი მიიწვია - ამბარცუმიანი საქართველოს ჯგუფში პირველობას იმედოვნებს

თემურ ქეცბაიას გუნდმა ზაფხულის ერთ-ერთი პირველი ტრანსფერი განახორციელა – ფამაგუსტას „ანორთოსისში“ ოვანეს ამბარცუმიანი ითამაშებს, რომელიც ერთა ლიგის ახალი გათამაშების C2 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქის, სომხეთის ნაკრების მცველია.

29 წლის მოთამაშე კვიპროსის „ენოსისში“ ირაკლი მაისურაძის თანაგუნდელი იყო, „ანორთოსისთან“ ხელშეკრულება 2022 წლის ივნისამდე გააფორმა. მან ტრანსფერზე კომენტარისას თემურ ქეცბაიას ფაქტორი ახსენა.

„როდესაც „ენოსისთან“ კონტრაქტის ვადა ამოიწურა, „ანორთოსისში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავედი. ეს ნაბიჯი ჩემს კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯია. სასიამოვნოა, რომ კვიპროსის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის ნაწილი გავხდი. მზად ვარ, დავეხმარო ჩემს გუნდს. ჩემს ტრანსფერში დიდი როლი ითამაშა თემურ ქეცბაიამ, „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა, რომელიც ადრე საქართველოს ნაკრებს ავარჯიშებდა“ – განაცხადა news.am-თან ამბარცუმიანმა.

მან კომენტარი ერთა ლიგის ახალი გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე და სომხეთის ნაკრების შანსებზეც ილაპარაკა, სადაც საქართველოს ნაკრებთან შეხვედრა მოუწევს: „რაც შეეხება სომხეთის ნაკრებს, ვფიქრობ, რომ ჩვენ ჯგუფში პირველი ადგილი დაკავების კარგი შანსი გვაქვს. იმედი მაქვს, რომ ჩვენს ნაკრებში მოწვეული ახალბედები ჩვენს გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებენ“.