ქეცბაიამ „ანორთოსისის“ პრობლემებზე ილაპარაკა - ნინუა პერსპექტიულია, მთავარია, ნაკლზე იმუშაოს #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაუიმაუტის“ სტუმარი ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია იყო. ქართველი მწვრთნელის გუნდმა კონფერენს ლიგის ჯგუფში პირველი ქულა ესტონურ „ფლორასთან“ (2:2) მოიპოვა, თუმცა, 2:0-ს იგებდა და პირველი გამარჯვება ხელიდან გაუშვა.
„ნამდვილად იყო შანსი, კონფერენს ლიგაზე პირველი სამი ქულა მოგვეპოვებინა. 2:0-ს ვიგებდით და უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ. არადა, მომენტები კიდევ გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ და ამის გამოც ბოლოს დავისაჯეთ. ჩვენი მთავარი მიზანი ჯგუფში მოხვედრა იყო და ეს შევასრულეთ. „ფლორასთან“ ველოდით, რომ მოვიგებდით, მაგრამ რა ვქნათ. ახლა კვიპროსის ჩემპიონატში ლარნაკას აეკ-თან შეხვედრა გვაქვს და ამისთვის უნდა მოვემზადოთ.
– სასიამოვნოა, რომ ნიკა კაჭარავა მოედანს დაუბრუნდა და ნელ-ნელა უახლოვდება თავის საუკეთესო ფორმას. ჯერ კიდევ სრულად მზად მაინც არ არის, აქვს კიდევ პრობლემები და ამას თავად გრძნობს. თუმცა, კარგია, რომ კონფერენს ლიგაზე 60 წუთი ითამაშა, საგოლე გადაცემა გააკეთა და მომენტები ჰქონდა. რაც შეეხება ლორიას, ის კვიპროსის ჩემპიონატში თამაშობს, ადგილობრივ ახალგაზრდა მეკარესაც ვათამაშებთ.
– ნინუა სათადარიგოებში იყო. ძალიან კარგი და პერსპექტიული ფეხბურთელია, კარგი დარტყმა, ტექნიკა და ყველანაირი მონაცემი გააჩნია. ახლა მთავარია, რომ თავის ნაკლზე იმუშაოს. იმიტომ ჩამოვიყვანეთ, რომ მეტი ითამაშოს და იმედია, ნელ-ნელა ათამაშდება. დრო კიდევ სჭირდება, რადგან „ანორთოსისთან“ მოსამზადებელი ეტაპი არ გაუვლია.
– „ანორთოსისის“ არასტაბილური გამოსვლა ჩავარდნილი მოსამზადებელი პერიოდის შედეგია, 10 მოთამაშე კორონავირუსის გამო გამოგვაკლდა, მაგრამ ჩემპიონატში რაც წავაგეთ, ყველა თამაში უნდა მოგვეგო“.