ქეცბაია წაგებამ გააბრაზა - მრცხვენია, წინ ფინალი რომ არ გვქონდეს, უკვე გადავდგებოდი #1TVSPORT
ქეცბაია წაგებამ გააბრაზა - მრცხვენია, წინ ფინალი რომ არ გვქონდეს, უკვე გადავდგებოდი #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატის 34-ე ტურში საკუთარ სტადიონზე ნიქოზიას „ოლიმპიაკოსთან“ წაგებული მატჩის (0:2) შემდეგ ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ არ დამალა, რომ ამ ანგარიშის გამო წასვლა სურდა. 

„ჩვენ სათქმელი არაფერი გვაქვს. იმედგაცრუებული ვარ, რომ დღეს თავი სათანადოდ არ წარმოვაჩინეთ. მეც თქვენსავით ვფიქრობ და ჩემი გუნდის დღვანდელი მატჩის გამო მრცხვენია. ამაზე უპირველესად პასუხისმგებელი მე ვარ. ასეთი მატჩის შემდეგ აუცილებლად სახლში წავიდოდი, წინ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი რომ არ გველოდეს“.

მისი თქმით, 15 მაისს ნიქოზიას „ოლიმპიაკოსთან“ დაგეგმილ ფინალზე ფიქრობს: „მე დავრჩები, რადგან გუნდი ფინალში ჩვენ გავიყვანეთ და ეს წლის ბოლო მატჩი იქნება. მე არ ვიცი, დღეს რა მოხდა. მოედანზე 15 მოთამაშე გავიდა, მაგრამ ერთზეც ვერ ვიტყვი, რომ კარგად ითამაშა. ეს უფრო მეტად მაფიქრებს, ვიდრე მარცხი. როდესაც დიდი გუნდი ხარ, ასე წაგება არ შეიძლება“.

ქეცბაიამ მარცხზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო: „მარცხში დამნაშავე მე ვარ. როგორც ჩანს, ახლა მოთამაშეებს ჰგონიათ, რომ მხოლოდ ბოლო მატჩი დაგვრჩა. ეს დიდი შეცდომაა, რადგან დარჩა ორი მატჩი და ჩვენ უნდა წარვდგეთ, როგორც დიდი გუნდი, ეს ყველა ჩვენგანს ეხება“.