ფამაგუსტას „ანორთოსისიდან“ წასული თემურ ქეცბაია, შესაძლოა, კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდეს – ინფორმაციას გამოცემა Goal.com.cy ავრცელებს.
„ქეცბაია, შესაძლოა, კვიპროსის ნაკრების სათადარიგოთა სკამზე გამოჩნდეს. უფრო და უფრო მეტი ხმები ისმის, რომ თემურ ქეცბაია არის ის ადამიანი, რომელსაც აქვს საუკეთესო შანსი, ჩვენი ნაკრების შემდეგი მთავარი მწვრთნელი გახდეს. სინამდვილეში, ვინც იცის, ამბობს, რომ ფამაგუსტას „ანორთოსისთან“ თანამშრომლობის დასრულებიდან მალევე თემურ ქეცბაიასთან კონტაქტი შედგა, ხოლო ქართველი მწვრთნელის პასუხია, რომ დაისვენებს და საკითხს განიხილავს“, – წერს გამოცემა.
გუნდიდან წასულ თემურ ქეცბაიას „ანორთოსისის“ ვეტერან ფეხბურთელთა ასოციაციამ მადლობა გადაუხადა:
„მადლობას ვუხდით თემურ ქეცბაიას ჩვენი გუნდის წინსვლაში სამი წლის განმავლობაში შეტანილი დიდი წვლილისთვის. თქვენ ისევ ასწიეთ „ანორთოსისის“ დონე, ისევ გაგვახარეთ და სიამაყე დაგვიბრუნეთ. მადლობას გიხდით გულის სიღრმიდან და გისურვებთ წარმატებებს თქვენს ახალ სამსახურში“, – წერია ფამაგუსტას გუნდის ვეტერანთა წერილში.