საბედნიეროდ, თემურ ქეცბაიას სერიოზული არაფერი სჭირს და გუნდს დაუბრუნდა. ამის შესახებ ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ოფიციალური გვერდი იუწყება.
„გუნდი ლიმასოლის აელ-თან ჩემპიონატის მატჩისთვის ემზადება, რომელიც 5 მაისს გაიმართება. ვარჯიში, რომელიც „ანტონის კარრასის“ საწვრთნელ ბაზაზე მიმდინარეობდა, თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ჩატარდა. ქართველმა მწვრთნელმა, ჯანმრთელობის პრობლემების შემდეგ, რეკომენდებული დასვენების მერე ფორმა მოირგო და მისთვის ბუნებრივ გარემოს, სავარჯიშო პროცესს დაუბრუნდა. ვარჯიშზე ასევე იმყოფებოდა გუნდის პრეზიდენტი, ევგენიოს ამბულასი“, – წერია „ანორთოსისის“ განცხადებაში.
ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მწვრთნელმა კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ოლიმპიაკოსთან“ მატჩამდე თავი ცუდად იგრძნო, შეხვედრის შემდეგ კი კლინიკაში გამოკვლევისთვის გადაიყვანეს. გამოკვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ 53 წლის მწვრთნელის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ექიმებმა ქართველ სპეციალისტს რამდენიმედღიანი დასვენება ურჩიეს. ამის გამო ქეცბაია ორი დღე ვარჯიშზე უსაფრთხოების მიზნით არ იმყოფებოდა. მის არყოფნაში საწვრთნელ პროცესს კი სოსო ჭედია ხელმძღვანელობდა – თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რომელმაც საფეხბურთო კარიერის შემდეგ მწვრთნელობა დაიწყო და ქეცბაიას ეროვნულ ნაკრებშიც ეხმარებოდა.