ქეცბაია 54 წლის გახდა - უცნობი კადრები, სადაც თემური, ქინქლაძე და წიტაიშვილის მამა თამაშობენ [ვიდეო] #1TVSPORT
ქეცბაია 54 წლის გახდა - უცნობი კადრები, სადაც თემური, ქინქლაძე და წიტაიშვილის მამა თამაშობენ [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, შემდეგ კი მისი მწვრთნელი თემურ ქეცბაია 54 წლის გახდა – 1990-იან წლებში საქართველოს ნაკრების წამყვანი მოთამაშე, რომელიც 2010-2014 წლებში მისი მთავარი მწვრთნელი გახდა.

საფეხბურთო კარიერა სოხუმის „დინამოში“ დაიწყო. 1987 წელს პერსპექტიული ნახევარმცველი თბილისის „დინამოში“ გადავიდა. 1992 წელს კვიპროსულ კლუბ ფამაგუსტას „ანორთოსისში“ გადადის, 1994 წელს კი – საბერძნეთში, ათენის აეკში ირიცხება, რომლის შემადგენლობაშიც საბერძნეთის ჩემპიონი და ფანების კერპი ხდება.

ქეცბაიას წარმატებული თამაში საბერძნეთის ჩემპიონატსა და საქართველოს ნაკრებში ინგლისური „ნიუკასლის“ სელექციონერებმა შენიშნეს და თემური, როგორც თავისუფალი აგენტი, 1997 წელს კლუბის წევრი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ფანების ფავორიტი იყო და მისმა გოლმა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა, კლუბი მას იშვიათად იყენებდა, განსაკუთრებით კი რუუდ გულიტის მწვრთნელობის დროს. 2000 წელს ქეცბაიას „სენტ-ჯეიმს პარკის“ დატოვება მოუხდა და ქვედალიგელვულვერჰემპტონთან“ 900,000 ფუნტად გააფორმა კონტრაქტი, თუმცა დიდხანს აქაც ვერ გაჩერდა და 2001 წელს შოტლანდიურ „დანდის“ შეუერთდა.

2002 წლის ზაფხულს „ანორთოსისში“ ბრუნდება მოთამაშე-მწვრთნელად, რომელიც 2008-2009 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. 2009 წელს ქეცბაია პირეოსის „ოლიმპიაკოსის“ მთავარი მწვრთნელი ხდება, თუმცა მხოლოდ 4 თვით. გუნდმა ქეცბაიას მეთაურობით 6 მატჩი გამართა, რომელთაგან 5 მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა.

2010 წლის 1 იანვრიდან თემურ ქეცბაია საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა, რომელსაც 2014 წლამდე წვრთნიდა. ევრო 2016-ს საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი ოთხი მატჩიდან სამის წაგების (ირლანდია 1:2, შოტლანდია 0:1, პოლონეთი 0:4) შემდგომ ქეცბაია მწვრთნელის პოსტიდან გადადგა.

2015 წლის აგვისტოში ქეცბაია „აპოელის“ მწვრთნელად დაინიშნა, ასევე იმუშავა ათენის აეკ-ში, რუსულ „ორენბურგში“, 2019 წლიდან „ანორთოსისის“ მწვრთნელია.

თემურ ქეცბაიას დაბადების დღე კვიპროსულმა გამოცემა „სპორტტაიმმა“ მიულოცა და ასე დაახასიათა.

„უდავოა, რომ ის კვიპროსის წამყვან საფეხბურთო პიროვნებებს შორისაა. თემურ ქეცბაიას ისტორია კვიპროსის სტადიონებს თავისი ყოფნით ამშვენებდა და ახლაც ამშვენებს. „ანორთოსისის“ ამჟამინდელი მწვრთნელი ახლა 54 წლისაა. გასულ წელს მან კვლავ დააყენა „ანორთოსისი“ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, რაც დასრულდა თასის მოგებით და შემდეგ ევროტურნირის ჯგუფში დაწინაურებით. ამ დიდმა პიროვნებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა წარმატებული გუნდის გზა“.

თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო, სადაც ერთად თამაშობენ თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე და გიორგი წიტაიშვილის მამა, კობა წიტაიშვილი, ხოლო კადრებში სათადარიგოებში მყოფი გოჩა ხოჯავაც ჩანს.

ამ შეხვედრაში „ანორთოსისმა“ პრინციპული მეტოქე „აპოელი“ გასვლაზე 3:2 დაამარცხა და სამივე გოლი ქეცბაიამ გაიტანა, მათ შორის, გადამწყვეტი 90+4-ე წუთზე.