ბექა ქავთარაძემ თურქულ შეკრებაზე „ნიჟნი ნოვგოროდის“ შემადგენლობაში თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა და გუნდი წაგებისგან იხსნა.
„ნიჟნი ნოვგოროდი“ ყაზახეთის გუნდს, „კირანს“ შეხვდა და საკონტროლო მატჩი 3:3 დააასრულა. ბელეკში, სასტუმრო „კაია პალაცოს“ მოედანზე გამართული შეხვედრა 21 წლის ქართველმა შემტევმა შეუცვლელად ჩაატარა და მოედანზე გამორჩეული იყო.
პირველმა ტაიმმა „ნიჟნი ნოვგოროდის“ დიდი უპირატესობით ჩაიარა, მაგრამ გუნდმა შანსი ვერ გამოიყენა და 31-ე წუთზე გოლი გაუშვა. მეორე ტაიმი ქართველის გუნდმა აქტიურეად დაიწყო, 47-ე წუთზე კი ბექას ანგარიშის აღდგენის შანსი მიეცა, მაგრამ მისი თავური დარტყმა კარს ოდნავ ასცდა. მალე, „კირანის“ ფეხბურთელებმა სტანდარტი გამოიყენეს და 0:2 დაწინაურდნენ.
ამის შემდეგ უკვე ქავთარაძის დრო დადგა. „ნიჟნი ნოვგოროდმა“ მეტოქის დაცვა ააწიოკა, რაშიც მთავარი როლი ქავთარაძემ შეასრულა. ქართველმა 59-ე წუთზე ყაზახების კარში დანიშნული პენალტი ეფექტური დარტყმით გოლად აქცია – 1:2. 62-ე წუთზე კი ქავთარაძემ ფლანგზე მცველი ეფექტური ფინტით ჩამოიშორა, მოედნის ცენტრიდან საჯარიმოს მიუახლოვდა და მეკარესთან პირისპირ ტიმურ სულეიმანოვი დატოვა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ, გუნდებმა კიდევ 1-1 გოლი გაიტანეს და მატჩი 3:3 დასრულდა.
საერთო ჯამში, ორ თურქულ შეკრებაზე „ნიჟნის“ ფეხბურთელებმა რვა მატჩი ჩაატარეს (ოთხი მოგება, სამი ფრე, ერთი მარცხი). ზამთრის ტესტ მატჩებში საუკეთესო ბომბარდირი ტიმურ სულეიმანოვი გახდა, რომელმაც ოთხი გოლი გაიტანა, ქავთარაძე კი სამი გოლით მეორე ადგილზეა.
აქვე ვიტყვით, რომ გუნდის წევრი გახდა 23 წლის მარცხენა მცველი ლეო გოგლიჩიძე, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და „კრასნოდარის“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილია.