ქავთარაძემ გაიტანა, „როტორმა“ მზადება „ველესთან“ დაასრულა - მოედანზე შვიდი ქართველი გამოჩნდა #1TVSPORT
ვოლგოგრადის „როტორმა“ მოსამზადებელ ეტაპზე ბოლო საკონტროლო თამაში ხიმკის სტადიონზე ჩაატარა და პირველი ლიგის მოსკოვის „ველესს“ დაუპირისპირდა – საინტერესო ისაა, რომ ორივე გუნდში შვიდმა ქართველმა ითამაშა.
ვოლგოგრადის „როტორის“ ძირითად შემადგენლობაში იყო „ თელავიდან“ წასული ცენტრალური მცველი ილია ბერიაშვილი (77-ე წუთზე შეცვალეს), ფლანგის შემტევი ნიკა ყიფიანი და საყრდენი ნახევარმცველი გიორგი მახათაძე, ხოლო მე-60 წუთზე შეცვლაზე თავდამსხმელი ბექა ქავთარაძე გამოჩნდა.
ქართველები იყვნენ მოსკოვის „ველესის“ სასტარტო შემადგენლობაშიც – 22 წლის მცველი ალექსანდრე კახიძე (ლიპეცკის „მეტალურგიდან“ დაიმატეს) და 21 წლის ვლადიმერ კობახიძე (ბოლოს რუსეთის პრემიერლიგიდან გავარდნილ „ტამბოვში“ თამაშობდა), ხოლო შეცვლაზე ულიანოვსკის „ვოლგადან“ დამატებულმა 23 წლის თავდამსხმელმა, თემურ ჯიქიამ ითამაშა.
„როტორმა“ 4:0 მოიგო, ერთი გოლი 66-ე წუთზე ბექა ქავთარაძემ გაიტანა, რომელმაც შეკრებაზე პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, დმიტრი ხოხლოვმა მოთამაშეები შეაფასა და ქავთარაძით კმაყოფილება არ დამალა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის პირველ ლიგაში სეზონი 10 ივლისს იწყება, რადგან ლიგაში 20 გუნდი ითამაშებს, ჩემპიონატში 38 ტურია და გუნდებს რთული მარათონი ელით.