ქართველმა მორაგბეებმა გერმანიასთან მატჩამდე ღია ვარჯიში გამართეს და მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრეს #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები წლის პირველი მატჩისთვის ემზადება – „ბორჯღალოსნები“ რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში გერმანიის ნაკრებს 5 თებერვალს, 13:00 საათზე „ავჭალის“ სტადიონზე ეთამაშებიან. მატჩამდე ჩვენმა ნაკრებმა ტრადიციული ღია ვარჯიში გამართა, რომლის შემდეგაც ქართველმა მორაგბეებმა მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2023 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების ეტაპად განიხილება. კვაჭი შალვა მამუკაშვილი, რომელსაც რაგბი ევროპა 11-ჯერ აქვს მოგებული, ამბობს, რომ აქცენტი ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაზე კეთდება:
„რაგბი ევროპის ჩემპიონატი ერთადერთი რეგულარული ტურნირია, რომელშიც ყოველწლიურად ვმონაწილეობთ. ამავდროულად, ჩვენ მას მსოფლიო თასისთვის მზადების ეტაპად განვიხილავთ და მნიშვნელოვანია, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე წელი გამარჯვებით დავიწყოთ. შარშან ისეთი შედეგები გვქონდა, არ გვაქვს უფლება, თამასა დაბლა დავწიოთ, ამიტომ ნებისმიერ მეტოქესთან თამაშს სრული პასუხისმგებლობით ვუდგებით და განვითარებაზე ვართ ორიენტირებული“.
თორნიკე ჯალაღონია: „დატვირთული კვირა გვაქვს, ვემზადებით წლის პირველი საშინაო თამაშისთვის. გერმანია ჩემპიონატზე წელს დაბრუნდა და მათთან ფავორიტებად ვითვლებით, თუმცა მოწინააღმდეგეს ვაფასებთ და ვეცდებით, გულშემატკივარს სანახაობრივი და ხარისხიანი თამაში ვაჩვენოთ“.