ქართველმა მორაგბეებმა „ფრანგი ბარბაროსები“ დაამარცხეს (ვიდეო)

თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართა საერთაშორისო მატჩი რაგბიში საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და „ფრანგ ბარბაროსებს“ შორის, რომელიც ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, ფრანგების ერთ ლელოსა და გარდასახვას ქართველებმა ორი ჯარიმით უპასუხეს და შესვენებაზე „ბარბაროსები“ მინიმალური უპირატესობით გავიდნენ –  6-7. მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად დაიწყო და დებიუტშივე დაწინაურდა: სოსო მატიაშვილმა მეტოქეთა დაბნეულობით ისარგებლა, დაცვა მარტომ გაარღვია და ჩათვლის ზონაში დაამიწა ბურთი – 11-7 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. ამას ფრანგების ერთი ჯარიმა მოჰყვა და ანგარიში ისევ მინიმუმამდე შემცირდა – 11-10.

თამაშის ბოლო ათი წუთი დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. 75-ე წუთზე სანდრო თოდუამ კიდევ ერთი ლელო დადო და ანგარიში 16-10 გახდა.

მატჩის ფინალური წუთები კი ძალიან დრამატული გამოდგა. თამაშის დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც ფრანგებმა ლელო დადეს და ანგარიში ერთ ქულამდე შეამცირეს, თუმცა ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან „ბარბაროსებმა“ გარდასახვის შესრულება ვერ მოახერხეს და მატჩი ქართველების გამარჯვებით – 16-15 დასრულდა.

ინფორმაციისთვის, „ფრანგი ბარბაროსები“ იგივე „ბარბაროსების რაგბის კლუბი“, 1979 წელს დაარსდა როგორც მხოლოდ საერთაშორისო მიწვევით მოასპარეზე მოყვარულთა გუნდი, თუმცა მოგვიანებით პროფესიონალებით დაკომპლექტდა და დღეს ოფიციალურად საფრანგეთის მეორე ნაკრების სტატუსი აქვს.