ქართველმა ლეგიონერებმა „ტორპედოსა“ და „აქტობეს“ მატჩზე ისაუბრეს - ქუთაისელებს კარგი გუნდი ჰყავთ და ხარისხიან ფეხბურთს თამაშობენ #1TVSPORT
ყაზახეთში მოთამაშე ქართველმა ლეგიონერებმა Meta-ratings.kz-სთან კომენტარი გააკეთეს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში ქუთაისის „ტორპედოსა“ და „აქტობეს“ შეხვედრის შესახებ.
ანტონ თოლორდავა (ყარაღანდის „შახტიორის“ მცველი): „ამ თამაშში ფავორიტის დასახელება რთულია. მინდა, ხაზი გავუსვა „აქტობეს“ გულშემატკივრების როლს, რომლებიც გუნდის საშინაო მატჩების შედეგებზე დიდ გავლენას ახდენენ და ტრიბუნაზე საოცარ ატმოსფეროს ქმნიან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქუთაისის „ტორპედომ“ ცოტა ხნის წინ ბოსნიური „სარაევო“ დაამარცხა. ვფიქრობ, თამაში ძალიან საინტერესო და დაძაბული იქნება“.
თამაზ მაქაცარია („ჟენესის“ თავდამსხმელი): „ქუთაისის „ტორპედო“ დიდი ისტორიის მქონე კლუბია. ისინი ყოველთვის ხარისხიან ფეხბურთს თამაშობენ და ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ. „ტორპედოს“ საშინაო მატჩის მოგების შანსი აქვს. „აქტობეშიც“ კარგი შემადგენლობაა შეკრებილი. მათ წინააღმდეგ მითამაშია და ვიცი, რა შეუძლიათ. ასე რომ, რთულ მატჩს ველოდები“.
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედო“ ყაზახურ გუნდს 27 ივლისს „რამაზ შენგელია არენაზე“ დაუპირისპირდება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 21:00 საათიდან შემოგთავაზებთ. საპასუხო მატჩი 3 აგვისტოს აქტობეში გაიმართება.