ქართველმა ლეგიონერებმა თამაშის ბედი გადაწყვიტეს - გულიაშვილმა და ზარიამ გაიტანეს [ვიდეო] #1TVSPORT
უცხოეთში მოთამაშე ორმა ქართველმა ფეხბურთელმა თავი გამოიჩინა – ორივე შეხვედრის ერთადერთი და შესანიშნავი გოლების ავტორი გახდა.
გიორგი გულიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა ბოსნიის პრემიერ ლიგაში. ქართველი თავდამსხმელის გუნდი „სარაევო“ გასვლაზე ბანია ლუკას „ბორაცს“ დაუპირისპირდა და გიორგის გოლით 1:0 დაამარცხა. ერთადერთი ბურთი მე-14 წუთზე გავიდა. გულიაშვილმა საჯარიმო შესანიშნავად შეასრულა და შორეული დარტყმით გუნდს 3 ქულა მოუტანა. 23 წლის ფეხბურთელმა 6 მატჩში 6 გოლი გაიტანა და ბომბარდირებში ლიდერობს.
გიორგი ზარიამ ყაზახეთის პრემიერლიგაში გაიტანა და ალმატის „კაირატის“ (სადაც ლუკა გადრანიც თამაშობს) გიორგი ქობულაძის „კაისართან“ მოგებაში მთავარი როლი შეასრულა – 1:0.
გადრანმა და ქობულაძემ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო ზარია მოედანზე 68-ე წუთზე გამოჩნდა და 86-ე წუთზე მატჩის ბედი გადაწყვიტა. გიორგიმ ჯარიმა მოიპოვა და დაახლოებით 30-მეტრიდან კარის „ცხრიანი“ შეარხია. 26 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში მე-4 გოლი გაიტანა და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.