ქართველი გულშემატკივარი გოგო ქუთაისში ახალი საფეხბურთო სკოლის დირექტორი გახდა - დარწმუნებული ვარ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები აქაც გაიზრდებიან #1TVSPORT
ქართველი გულშემატკივარი გოგო ქუთაისში ახალი საფეხბურთო სკოლის დირექტორი გახდა, – ამის შესახებ მან საქართველოს პირველ არხთან ილაპარაკა.
„ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ფეხბურთი, ამით ვარსებობ და ჩემი ოცნება ქართული ფეხბურთის წარმატებაა. წარმატება კი მარტივად არ მოდის თუ ბავშვებიდან არ დაიწყე განვითარება, არ მიეცი საუკეთესო განათლება და პირობები. მაქსიმალურად ჩართული ვარ ქართულ ფეხბურთში და ვიცი სად რა ხდება. ქუთაისის „ტორპედოს“ აკადემიაში იყო მწვრთნელი რაულ ჩიხლაძე, რომელიც ამ სფეროში საუკეთესოა და მართლაც გამორჩეული ბავშვები ჰყავს. რაულს სურდა სკოლის დაარსება და ამ იდეის გარშემო გავერთიანდით ისეთი ხალხი, ვისაც გაგიჟებით გვიყვარს ფეხბურთი და რაც მთავარია, წინსვლისთვის პატიოსანი შრომით მაქსიმუმს გავაკეთებთ“, – ამბობს ქეთა ჯალაღანია.
მან სკოლის შესახებ დეტალურად ილაპარაკა.
„დავაარსეთ საფეხბურთო კლუბი „იმერი“, სადაც ამ ეტაპზე 5-დან 13-წლამდე ბავშვებს ვიღებთ. გავხსენით ასევე ინდივიდუალური მომზადების ცენტრი, სადაც ვიმუშავებთ კოორდინაციის, საბაზისო ტექნიკის, ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე. გვყავს კვალიფიციური მწვრთნელები. დღეს ჩვენს სკოლაში არის ყველა პირობა ბავშვების იდეალური აღზრდისთვის. გვაქვს საკუთარი სტადიონი, რომელიც სანატრელია ამ ქალაქში. რომ ნახოთ სად ვარჯიშობენ სხვა სკოლის ბავშვები, გული გეტკინებათ“.
ქეთა ჯალაღანიამ სამომავლო გეგმებზეც ილაპარაკა.
„გვაქვს ძალიან დიდი პროექტი. ქუთაისის მერიიდან ავიღეთ მრავალწლიანი იჯარით ტერიტორია, სადაც ერთ სივრცეში იქნება საფეხბურთო მოედნები, ორი გადახურული ე.წ მანეჟი, ერთი 70-მეტრიანი სტადიონი, ფიტნეს დარბაზი, აუზი, ინდივიდუალური მომზადების ცენტრი და საცხოვრებელი ბაზა. ასევე ვიწყებთ სტანდარტული საკუთარი სტადიონის გაკეთებას 14 წლის ზემოთ ბავშვებისთვის. საქართველოს მასშტაბით მივიღებთ მონაწილეობას ყველა ასაკობრივ ჩემპიონატში. გვაქვს და კიდევ ვგეგმავთ შევიძინოთ უახლესი ინვენტარი, რაც მუშაობისთვის აუცილებელია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქუთაისში ბავშვთა ფეხბურთი გაცოცხლდა. დარწმუნებული ვარ საუკეთესო პირობებით, განათლებით, შრომით, სიყვარულით აქაც გაიზრდებიან მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები“.