საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა სლოვენიას გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა.
გია ცეცაძის გუნდმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო, მეტოქე აშკარად დაჯაბნა და ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოსკენ გახსნა: რატი არდაზიშვილის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ ბურთი კარისკენ დავით კობოურმა გააგზავნა, იტალიური „ჯენოას” მეკარე როკ ვოდიშეკმა კი, ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
47-ე წუთზე საჯარიმოში კობოური წააქციეს და პენალტი დაინიშნა, რომელიც გიორგი არაბიძემ უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში 2:0 გახდა. პორტუგალიური „ნასიონალის” ქართველი ლეგიონერი 89-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩა, დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – საქართველომ მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
საქართველო U21 – სლოვენია U21
1:0 ვოდიშეკი (33. ავტოგოლი), 2:0 არაბიძე (47. პენალტი), 3:0 არაბიძე (89)
საქართველო: გუგეშაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, ლაკვეხელიანი, მალი, კუცია, ქოჩორაშვილი, არდაზიშვილი, ბერიაშვილი, ბუღრიძე, არაბიძე.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მომდევნო ამხანაგურ მატჩს 26 მარტს ისრაელთან გამართავს. ეს შეხვედრაც გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.