ბარსელონაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩი იტალიის წინააღმდეგ გამართა და, როგორც მოსალოდნელი იყო, უშანსოდ დამარცხდა – 3:14. ტურნირის ერთ-ერთ უპირველეს ფავორიტ იტალიელებს საკუთარი გამარჯვება წუთითაც არ დაუყენებიათ ეჭვქვეშ და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მერვედფინალს გამოტოვებენ და პირდაპირ მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ ჩემპიონობისთვის ბრძოლას.
რაც შეეხება ჩვენს ეროვნულ გუნდს, ჩემპიონატი ჯერ არც მათთვის დასრულებულა: ქართველი წყალბურთელები დანარჩენ სამ ჯგუფში ბოლო ადგილებზე გასულ გუნდებთან ერთად ე.წ. მცირე პლეიოფში მიიღებენ მონაწილეობას.
პლეიოფი ნახევარფინალებისა და ფინალისგან შედგება, გამარჯვებული გუნდი კი ჩემპიონატში მეცამეტე ადგილს დაიკავებს.
ჩვენი ნაკრების პირველი მეტოქე თურქეთის ეროვნული გუნდი იქნება, მეორე ნახევარფინალში კი მალტა სლოვაკეთს დაუპირისპირდება.