ქართველი პარასპორტსმენების განცხადება სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
ქართველი პარასპორტსმენები, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ქართველი პარასპორტსმენებისთვის, პარაოლიმპიური მოძრაობისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სპორტული და პირადი განვითარებისთვის გაგვაჩნდეს შესაბამისი გარემო, მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. გვეძლეოდეს საშუალება ადგილობრივ, თუ საერთაშორისო დონეზე, მაღალი სპორტული მიღწევებით ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა. ამ ყოველივეს მისაღწევად აუცილებელია, რომ „საქართველოს ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტს“ მართავდეს ისეთი გუნდი, რომელიც კარგად იცნობს პარასპორტის სპეციფიკას, ჩვენს საჭიროებებს და სარგებლობს სხვადასხვა თაობის ქართველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენების მაღალი ნდობითა და ლეგიტიმაციით.
სამწუხაროდ, საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტი, ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან, არაერთხელ დამდგარა პოლიტიკური მიზნების სასარგებლოდ გამოყენების საშიშორების ქვეშ. მავანის მხრიდან მიიჩნეოდა, რომ თუკი კომიტეტს დაიქვემდებარებდა, ამით შეძლებდა შეზღუდული შეაძლებლობის მქონე პირების საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევას. ცხადია, მსგავსი მიდგომები ჩვენთვის ყოველთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო, რადგან აზარალებდა უმთავრესს, კეთილსინდისიერად ვემსახუროთ ქვეყანას და ჩვენი მიღწევებით დამატებითი სტიმული მივცეთ,როგორც თითოეულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ასევე მთლიანად საზოგადოებას.
აღსანიშნავია, რომ პარაოლიმპიურ კომიტეტს, თავის გუნდთან ერთად, წლების მანძილზე მართავდა ნაციონალური მოძრაობის ყოფილი და ამჟამად „ევროპული საქართველოს“ აქტიური წევრი გიორგი წასიძე, რომელიც ჩვენი მოძრაობის განვითარების ნაცვლად, მომართული იყო საკუთარი ვიწრო ინტერესების დაკმაყოფილებზე. არ იყო დაკავებული პარასპორტის განვითარებით და ხშირად კომიტეტის კუთვნილ, ისედაც მცირე რესურსს, არამიზნობრივად იყენებდა და ხარჯავდა.
ჩვენ უარი ვთქვით ასეთ ადამიანებზე და 2016 წლის 19 მაისს, ავირჩიეთ ახალი პრეზიდენტი – შალვა მაისურაძე იმ გუნდთან ერთად, ვისაც თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გატარებული აქვს შშმ პირთა და პარაოლიმპიურ მოძრაობაში. შედეგმაც არ დააყოვნა – ჩვენი გუნდის წევრები რეგულარულად იგებენ ევროპის და მსოფლიო პირველობებს, მათ შორის, პარაოლიმპიურ თამაშებს. ავითარებენ საკუთარ შედეგებს და დღეს, ნაცვლად პარასპორტის 3 სახეობის და 5 სპორტსმენისა, სრულფასოვან მზადებას გადის 300-ზე მეტი პარასპორტსმენი და ვითარდება პარასპორტის 15 სახეობა (მათ შორის, გუნდური დისციპლინები).
მიუხედავად ამისა, ორი წლის მანძილზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა დავა ერთის მხრივ, „საქართველოს ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტსა“ და მეორეს მხრივ, საქართველოს მოქალაქეებს – გიორგი წასიძესა და ლევან ოდიშარიას შორის. დავის საგანი გახლდათ კრების ოქმები, რომლის თანახმადაც, 2016 წლის 19 მაისს, ააიპ „საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის“ წევრებმა პრეზიდენტად აირჩიეს შალვა მაისურაძე და გამგეობის ახალი შემადგენლობა.
2018 წლის 05 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ, მიღებული იქნა სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, არ დაკმაყოფილდა გიორგი წასიძისა და ლევან ოდიშარიას სარჩელი და შესაბამისად, ძალაში დარჩა კრების ის ოქმები, რომლის მიხედვითაც არჩეულ იქნა კომიტეტის ახალი პრეზიდენტი და გამგეობა.
პარაოლიმპიური მოძრაობა, პარასპორტსმენები , „საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტი,“ გულშემატკივრები და თითოეული ქვევით ხელმომწერნი – სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილებისთვის, მადლობას ვუხდით თბილისის საქალაქო სასამართლოს, რამეთუ ჩვენთვის სამართლიანობის აღდგენა იყო უპირობო და პრინციპული, ღირსების საქმე! განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენ საკუთარი სიმართლე დაგვემტკიცებინა სასამართლოს გზით, როგორც ეს ნებისმიერ დემოკრატიულ და თანამედროვე სახელმწიფოში ხდება, ამიტომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებამ ყველა აქამდე დარჩენილ კითხვასაც გასცა პასუხი და შეგვმატა დაცულობისა და სტაბილურობის განცდა, რაც ჩვენი პროფესიული ზრდისთვის უმთავრესია.
ჩვენ კიდევ არაერთხელ ვასახელებთ ჩვენს სამშობლოს უმაღლესი სინჯის მედლებითა და ისტორიული გამარჯვებებით“.
ხელმომწერების სია