ქართველ მთამსვლელთა ექვს კაციანმა გუნდმა სლოვენიაში, იულიუსის ალპებში, შეკრება დაასრულა. სპორტსმენებმა, ადგილობრივ მთამსვლელებთან ერთად, სხვადასხვა სირთულის კლდოვანი და ყინულოვანი მარშრუტები გაიარეს. ქართველებს მასპინძლობა ცნობილმა სლოვენიელმა მთამსვლელმა მარკო პრეზელმა გაუწია.
შეკრება გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული პროგრამა 2017 წელს სწორედ მარკო პრეზელისა და ქართველი მთამსვლელის არჩილ ბადრიაშვილის ინიციატივით დაიწყო. 2018 წელს სლოვენიელები სვანეთს ესტუმრნენ და ასვლა უშბასა და დასავლეთ შხარაზე განახორციელეს.
ამჯერად ქართველები გაემგზავრნენ სლოვენიაში, სადაც მწვერვალები 2000-2864 მეტრია. გუნდის წევრების შერჩევა ეტაპობრივად მოხდა. ყურადღება გამახვილდა აქტიურ სტატუსზე, რეიტინგსა და სპეციალურ ვარჯიშებზე ნაჩვენებ შედეგებზე. საბოლოოდ სლოვენიაში არჩილ ბადრიაშვილი, გიორგი ტეფნაზე, გურამ იმნაძე, ბექარ ფაჯიშვილი, ზურა კვესტაძე და თემურ ქურდიანი წავიდნენ.
16 დღიანი შეკრების განმავლობაში მტამსვლელებმა ასვლები განახორციელეს მწვერვალ ოისტრიცაზე (2350 მ), მწვერვალ ტურსკა გორაზე, მწვერვალ რადუჰაზე, ნად შჩიტომ გლავიეზე, დებელა პეჩის აღმოსავლელთით მდებარე მწვერვალზე (2000 მ) და სხვა. მოეწყო რამდენიმე ერთობლივი ვარჯიში.
აღნიშნული შეკრება ქართველი მთამსვლელებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამოცდილების, პროფესიული ზრდის, ახალი რეგიონების აღმოჩენისა და საერთაშორისო ასპარეზზე მეგობრული ურთიერთოების დამყარებისათვის.