ქართველი მსაჯების შეკრება - არბიტრები ყველა მატჩზე ვიდეორეფერის დანერგვისთვის ემზადებიან #1TVSPORT
დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის მსაჯთა შეკრება გაიმართა, რომლის ორგანიზატორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილება იყო.
ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, სამდღიანი შეკრების ფარგლებში, მსაჯებს ჩაუტარდათ ტესტირება თამაშის წესების შესახებ და VAR-ის პროტოკოლის ტესტი. ამასთან, მსაჯებმა გაიარეს ტესტირება ფიზმომზადების დონეზე და შედეგებიდან გამომდინარე, ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამა მიიღეს. შეკრების ფარგლებში ასევე ჩატარტა ვიდეორეფერის (VAR) სიმულაციები და პრაქტიკული სესიები მოთამაშეების ჩართულობით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების ახალი ხელმძღვანელად ჯუნეტ ჩაქირი დაინიშნა, რომლის ინიციატივითაც, ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის მსაჯების შეკრება 14-დან 18 აგვისტოს ჩათვლითაც გაიმართა.
ასეთი ინტენსიური მზადების მიზეზი ისაა, რომ ეროვნულ ლიგაში მსაჯის ვიდეო ასისტენტის სისტემა 2022 წლიდან, შერჩეულ მატჩებზე გამოიყენებოდა, ხოლო 15 სექტემბრიდან VAR-ის სისტემის დანერგვა ყველა მატჩზე იგეგმება.